მთავარიაზიაღაზაღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შუამავლებსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები განახლდა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შუამავლებსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები განახლდა

„ერთი ვაჟი მომიკლეს, მეორე დაკარგულია. ბევრი ვიტანჯეთ და ამ ყველაფერმა ძალიან დაგვღალა. დევნილი ვარ და კარავში ვცხოვრობ. არ ვიცი, რატომ არ არიან ჩვენ გვერდით არაბული ქვეყნები. პალესტინელი ხალხი განადგურებულია. იმედი გვაქვს, რომ ვინმე დაგვეხმარება“, – ამბობს დევნილი ქალი.

ღაზაში მყოფი პალესტინელები ისრაელ-ჰამასის ბოლო მოლაპარაკებების დასრულებას ელიან – იტოვებენ იმედს, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი მაინც შეცვლის რამეს და მათ ტანჯვას დაასრულებს.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შუამავლებმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა ისრაელთან 15 აგვისტოს განაახლეს. შუამავლებს იმედი აქვთ, რომ რეგიონს კიდევ უფრო მასშტაბურ ომს აარიდებენ. საერთაშორისო მედიის ცნობით, მოლაპარაკებებს „ჰამასი“ არ ესწრება.

„იმედია, შეთანხმებას მიაღწევენ და ყველაფერი დასრულდება. მოსახლეობა მთლიანად განადგურდა. ხალხს ენერგია აღარ აქვს“.

„ჩვენ შინ დაბრუნება გვინდა. ადამიანები ვართ, რომელთაც ცხოვრება სურთ. დაე, შეთანხმდნენ და ეს ომი დაასრულონ. იპოვონ გამოსავალი. შეხედეთ, ქალები ქუჩაში მათხოვრობენ. ისინი საჭმელს ვერ შოულობენ“.

„ეს ოპტიმისტური მოლოდინია. ღმერთმა ქნას, ჩვენი ტანჯვა დასრულდეს. ყველაფერი, რასაც გავდივართ, ძალიან რთულია. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ და ყველაფერი დასრულდება“ – ამბობენ დევნილები.

ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, მოლაპარაკება შუამავლების ჩართულობით, უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ მიმდინარეობს.

ირანში „ჰამასის“ მეთაურის მკვლელობის შემდეგ, პროცესი 15 აგვისტომდე ვერ განახლდა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“, მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ომის ათი თვის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend