მთავარიევროპაუკრაინასახმელეთო ოპერაციის მეათე დღეს უკრაინის კონტროლქვეშაა 88 რუსული დასახლება

სახმელეთო ოპერაციის მეათე დღეს უკრაინის კონტროლქვეშაა 88 რუსული დასახლება

რუსული მოსახლეობისგან დაცლილი და უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებული დასახლებული პუნქტები – კიევის სახმელეთო ოპერაცია მეათე დღეა გრძელდება.

კურსკის ოლქში დაწყებული კონტრშეტევა უფრო დიდი მასშტაბებით აისახა მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზეც, სადაც საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის „შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტული შეტევების” გამო, რომელთა შედეგად დაღუპული და დაჭრილი არიან მოქალაქეები, დანგრეულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები, რასაც დაუყოვნებლივი რეაგირება სჭირდება.

კიევი მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულებზე ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე 14 აგვისტოს განხორციელებულ იერიშებში მონაწილეობაზე საუბრობს.

უკრაინული დრონების სამიზნეს ვორონეჟის, ნიჟნი-ნოვგოროდისა და კურსკის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზები წარმოადგენდა. კიევში აცხადებენ, რომ შეტევების შედეგად რუსული საავიაციო ტექნიკა განადგურდა, მათ შორის ბომბდამშენები სუ-34 და სუ-35-ის გამანადგურებლები.

კიევი კურსკის ოლქში „ბუფერული ზონის“ შექმნასთან დაკავშირებითაც იუწყება. ექსპერტებისთვის ეს ფაქტი იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე თვის წინ, ხარკივის ოლქში ასეთივე ზონის შექმნაზე საუბრობდა ვლადიმირ პუტინი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსულ ტერიტორიაზე უკრაინული ჯარები წინსვლას განაგრძობენ და მათ მიერ კონტროლირებადი დასახლებული პუნქტების რაოდენობა 88-მდეა გაზრდილი.

რუსული დასახლებებიდან გრძელდება ადგილობრივების ევაკუაცია. კურსკის ოლქის ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა გლუშკოვოს რაიონში. BBC-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად, გლუშკოვოს რაიონი სამი მხრიდან მომწყვდეული აღმოჩნდა – დასავლეთით და სამხრეთით უკრაინის საზღვარია, აღმოსავლეთით კი უკრაინის არმიის ქვედანაყოფები იმყოფებიან.

სანამ უკრაინა რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, ხოლო რუსულ მოსახლეობას დასახლებების მმართველები საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებენ, მოსკოვი რიტორიკას არ ცვლის.

კრემლის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებენ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის წარმართვა მოსკოვის მშვიდობისკენ იძულების ერთადერთი გზაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend