სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ჩრდილოეთ კორეას დიალოგისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, აუცილებელია, შეიქმნას ორ კორეას შორის დიალოგის ახალი არხი, რათა ურთიერთობები განახლდეს.
ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, სეულში იაპონიის კოლონიური მმართველობისგან, კორეის განთავისუფლების 79-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე გააკეთა.
მას სურს, სამუშაო დონეზე შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი ორ კორეას შორის საკითხების ფართო სპექტრის განსახილველად. იუნმა თქვა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემცირების მიმართულებით და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.
„მე გთავაზობთ ორი კორეის ხელისუფლებას შორის სამუშაო დონეზე საკონსულტაციო დიალოგის ორგანოს შექმნას. უნდა განვიხილოთ ყველა საკითხი, მათ შორის დაძაბულობის განმუხტვა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ხალხთა შორის მიმოსვლა, კულტურული ურთიერთობები და კატასტროფებსა და კლიმატის ცვლილებაზე კოორდინირებული რეაგირება. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ჰუმანიტარული საკითხების განხილვაც, როგორიცაა განცალკევებული ოჯახები, სამხრეთ კორეელი ტყვეები, გატაცებულები და დაკავებულები. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, როგორც კი ჩრდილოეთ კორეა გადადგამს პირველ ნაბიჯებს ბირთვული განიარაღებისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.