სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელების დახვედრასა და დაჯილდოებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მინდა ოლიმპიელებსა და ყველას ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება მივულოცო. მივულოცო არა მხოლოდ მათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ქართული საზოგადოება ძალიან გაახარა, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 24-ე ადგილი ხუმრობა არ არის. მგონი, მთელი საზოგადოება ზეიმობს.
მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს 1-ელ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე გაიმართება ოლიმპიელთა მიღება/დახვედრა და დაჯილდოება. მე არ მჩვევია კინკლაობა. მგონი, სხვა დონის პოლიტიკური საკითხები გვაქვს გასარჩევი. თუმცა, როცა ოლიმპიელებს ყველანი ერთად ვაცილებდით, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ სექტემბერში მათ დავხვდებოდი. ორი სერიოზული მიზეზი მაქვს იმის სათქმელად, რომ დღეს, ასე სასწრაფოდ, მათი დაჯილდოება არ შეიძლება. ეს სერიოზული საქმეა. მე ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც ქვეყანას აერთიანებს და ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმზე. მე ამ ზეიმის მოწყობას ვაპირებ. გარდა ამისა, პარაოლიმპიადა ახლა იწყება და 8 სექტემბრამდე გრძელდება. არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს, თუ მთლიანად მთავრობას, თუმცა როგორ შეიძლება ასე ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება – ცალკე იმ სპორტსმენების, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია. ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღებთ. გელოდებით სექტემბერში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.