ბელგიის ვალუნიის რეგიონში მეღვინეები კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხეების გამო ღვინის მოყვანის ახალი მეთოდების შემუშავებას ცდილობენ.
საინტერესოა, კლიმატის ცვლილების გამო რამდენად საჭირო გახდება ღვინოში წყლის გარევა.
ერთი შეხედვით, ტემპერატურის ზრდა დადებითად უნდა მოქმედებდეს ვენახებზე ლუდით განთქმულ ქვეყანაში. 2023 წელს ბელგიაში 3.4 მილიონი ლიტრი ღვინო აწარმოეს, რაც, წინა წელთა შედარებით, 13 პროცენტით მეტია.
კლიმატის საფრთხეები
ვალონიაში, დინანთან ახლოს, შატო ბონ ბარონი არ არის დაზღვეული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებისგან.
მეღვინე და შატო ბონ ბარონის მფლობელი ჟანეტ ვან დერ სტინი ამბობს, რომ მართალია, თბილი ამინდები ხელს უწყობს ყურძნის დამწიფებას, მაგრამ კლიმატის ცვლილება სიცხეს არ გულისხმობს. ამ დროს გახშირებულია ექსტრემალური ამინდი, წყალდიდობა, წვიმა, ყინვა, რაც ნამდვილად არ არის კარგი”. გლობალური დათბობის შედეგად გაზრდილი ტემპერატურის გამო, ვაზი სეზონზე ადრე იწყებს ყვავილობას. შესაბამისად, გაზაფხულის ყინვებს ვეღარ უძლებს.
ჩრდილოეთ ევროპაში კიდევ ერთი საშიშროება ვენახებში გაჩენილი მწერები და ის დაავადებებია, რომლებიც ადრე სამხრეთში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.
“არსებობს მწერი, სახელად დროზოფილა სუძუკი. ის სამხრეთ ევროპიდან წამოვიდა. ამიტომ ჩრდილოეთით სხვა ქვეყნები არ დაუზარალებია. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, დროზოფილა სუძუკი ყოველწლიურად უფრო ჩრდილოეთით მიიწევს. ის უკვე გაჩნდა აქ, ბელგიაში“, – ამბობს ჟანეტ ვან დერ სტინი.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზები
მევენახეები ცდილობენ, კლიმატის ცვლილებას აუწყონ ფეხი და ახალი ტექნიკა შეიმუშაონ. მაგალითად, შატო ბონ ბარონის მფლობელი, რომელიც მდგრადი განვითარების მომხრეა, სიცხისა და წყლისგან დასაცავად ვაზზე თიხას ასხამს, ასევე ათხელებს მის ფოთლებსაც.
“როდესაც ფოთლები თხელდება, ვაზზე უფრო მეტად მოქმედებს სიცხე, სიცივე, წვიმა და ქარი. შედეგად წარმოიქმნება უფრო სქელი კანი. შესაბამისად, ნაკლებია მწერების თავდასხმისა და დაავადების რისკი. ყურძენი ასე უკეთესად არის დაცული სიცხისგან”, – განმარტავს ჟანეტ ვან დერ სტინი.
კლიმატის ცვლილების გამო შეიცვალა მოსავლის აღების პერიოდიც.
როდესაც ჟანეტ ვან დერ სტინი 2000-იან წლებში მეღვინეობით დაინტერესდა, ვალონიაში რთველი ოქტომბრის შუა რიცხვებში იწყებოდა. გლობალური ტემპერატურის ზრდის გამო მან ახლა სექტემბრის დასაწყისში გადმოიწია.
ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, წელს როდის იქნება რთველი. მეღვინეები ახლა ყურადღებით ადევნებენ თვალს მეტეოროლიურ პროგნოზს.