საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების„ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში მმართველი პარტიის სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ ოცნებაS“ დელეგატებიI 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება, თუმცა დღეს მხოლოდ 22 მათგანი წარადგინა. სწორედ ისინი მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებში დელეგატების წარდგენით ნაწილობრივ აღმოიფხვრება ის ნაკლოვანება რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოიქმნა.
„დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“-განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.