მთავარისაქართველოგაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს მიმართ რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობენ

გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს მიმართ რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობენ

16 წელი აგვისტოს ომიდან და საერთაშორისო თანამეგობრობის უცვლელი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით – უმაღლესი ტრიბუნებიდან თბილისს კვლავ მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ რუსულ სისასტიკეს, რომელიც საქართველომ ღია სამხედრო აგრესიის სახით, საკუთარ თავზე ბოლოს 2008 წელს იწვნია.

აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლის მიუხედავად, ქვეყანაში ოკუპაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია. გრძელდება საზღვრის უკანონო გადმოწევა, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება და მათი უკანონოდ დატყვევება. მძიმე ვითარება ნარჩუნდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი გავლენების გამყარებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. მათ შორის, სოხუმსა და ცხინვალში ჩატარებული დე-ფაქტო „არჩევნების“ ჩატარებით, მარიონეტული რეჟიმის განმტკიცებით.

კრემლის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ქართულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე. მოხსენებით წარსდგა გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაციაც მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტისა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა. ყველა მათგანის გზავნილი იყო საერთო – რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და პატივი სცეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას. აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნაბიჯები რეგიონების ანექსიისკენ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით“, – განაცხადა გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შეჭრისთვის მოსკოვის შესაბამისი პასუხისმგებლობის გარეშე დატოვებამ, კრემლს საკუთარი აგრესიული პოლიტიკის მეზობელი ქვეყნებისადმი გაძლიერების საშუალება მისცა. აგვისტოს ომის შემდეგ სათანადო საერთაშორისო რეაქციის არქონას დღეს დასავლელი ლიდერებიც აღიარებენ. ამან კი რუსეთს გზა გაუხსნა ღია აგრესიისკენ უკრაინაში, ჯერ 2014 წელს, როცა მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი 2022 წლის 24 თებერვალს, როცა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. წლების შემდეგაც მეზობელი ქვეყნებისადმი მოსკოვის მიდგომა არ შეცვლილა. ხელწერა ერთია – უკანონო გატაცება, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და დისკრიმინაციული რეგულაციები.

„ვგმობთ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“, – განაცხადა გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ.

საერთაშორისოდ აღიარებული ურყევი პოზიცია მოსკოვისთვის მხოლოდ სპეკულაციაა. კრემლი კვლავ არ აღიარებს უცხო ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას – არც საქართველოს და არც უკრაინის შემთხვევაში. გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებას იმავე ტრიბუნიდან მალევე უპასუხა რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პოლიანსკიმ. სამხედრო აგრესიაში მან საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან ერთად, დასავლეთიც დაადანაშაულა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 13 აგვისტოს განცხადების ის ამონარიდი წაიკითხა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს აძლიერებს.

„რა თქმა უნდა, ყოველ წელს გვაკვირვებს დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს, სააკაშვილის მიერ განხორციელებული აგრესია სამხრეთ ოსეთზე. მეტს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ მოვიყვან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ციტატას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“

ეცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი კოლეგები დადგებიან ამ ტრიბუნასთან და მოგატყუებენ, რა მოხდა ამ მომენტში“, – განაცხადა გაეროში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, დმიტრი პოლიანსკიმ.

უმაღლეს დონეზე საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გამოეხმაურა და ურყევი პოზიციისთვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში აქვს საქართველოს, იქნება ეს ევროსაბჭო, ეუთო თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მიიღება მთელი რიგი რეზოლუციები, განცხადებები. მინდა, ხაზი გავუსვა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მზარდ მხარდაჭერას საქართველოს რეზოლუციების მიმართ. მაგალითად, გენერალურ ასამბლეაზე წელს საქართველოს რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების მიუხედავად, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში რუსეთი დამნაშავედ ადამიანის უფლებათა ევროპულმა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებმა ცნეს. ყველა შემთხვევაში მოსკოვი აგრესორად და როგორც საერთაშორისო კონვენციის, ისე ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევადაა მოხსენიებული. მხოლოდ 2008 წლის ომის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო დაიღუპა. 30 000-მდე პირი დღემდე დევნილია. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ აღარაა დამატებით 125 დასახლებული პუნქტი. ასეთ მოცემულობაში მოსკოვს თბილისისადმი მხოლოდ ორი ვალდებულება აკისრია – ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედროების გაყვანა და 16 წლის წინანდელი პირობების სათანადოდ შესრულება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend