ევროკავშირის მრავალეროვნული სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ პატრულირება დღეში რამდენჯერმე იგეგმება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობს.
დამკვირვებლები ევროკავშირის დროშებით საოკუპაციო ხაზისპირა სოფლების გავლით რუსების მიერ გავლებული მავთულხლართებისკენ ყოველდღიურად გადაადგილდებიან.
მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენასა და ასევე, ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირებასაც ისახავს მიზნად.
გამოწვევა რთულია. პატრულირების გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში იმართება შეხვედრები, მოქმედებს ცხელი ხაზი. ევროკავშირის დამკვირვებლების დახმარებით, კონფლიქტის მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვთ.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ კომუნიკაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის კონფლიქტისთვის. დღეში 15-ჯერ ვაწარმოებთ პატრულირებას 3 საველე ოფისიდან: მცხეთიდან, გორიდან და ზუგდიდიდან. ისინი აკვირდებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და აღრიცხავენ, უსაფრთხოების მხრივ რაიმე ცვლილება ხომ არაა. დამკვირვებლები ასევე ესაუბრებიან ადგილობრივებს, რათა გაიგონ მათი საჭიროებების შესახებ“, – აღნიშნავს სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერი კლაას მასი.
იქ, სადაც ავტომობილებით მისვლა შეუძლებელია ევროპელი დამკვირვებლები ფეხით გადაადგილდებიან. მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებს მოიცავს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამკვირვებლებს აქამდე არ უშვებენ.
უამრავი პრობლემა აქვს ადგილობრივ მოსახლეობასაც. დამკვირვებელი სებასტიან ჰულდე ამბობს, რომ არსებობს განსაზღვრული ადგილები, რომელსაც მისია განსაკუთრებით აკვირდება.
„ დავალების შემდეგ ვბრუნდებით ოფისში და ვამზადებთ ანგარიშს, თუ რა აღმოვაჩინეთ და რა გავაკეთეთ. მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა გადაადგილების შეზღუდვაა. ზოგჯერ რთულია ამის გააზრება. უცბად ხვდები, რომ იქაა ღობე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი გამოწვევა კი ისაა, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედება შეგვიძლია, თუმცა მეორე მხარეს არ გვაქვს მსგავსი შესაძლებლობა“, – დასძენს გერმანელი დამკვირვებელი სებასტიან ჰულდე.
მონიტორინგის დროს ევროპელი დამკვირვებლები რუსულ სამხედრო ბაზას აკვირდებიან… ამოწმებენ, რამდენად ან როგორ შეცვალეს რუსებმა ე.წ. სასაზღვრო ტექნოლოგიები. შემდეგ სოფელშიც ჩავლენ და მოსახლეობას გაესაუბრებიან.
„ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ რა უჭირს ხალხს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენს ანგარიშში ისახება და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა ორგანიზაციებს ეგზავნებათ. მათ კი უკვე შესაბამისი დახმარების გაწევა შეუძლიათ“, – აღნიშნავს ფრანგი დამკვირვებელი ანტონი ბრიანი.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ რუსული მავთულხლართების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა მათ მიმართ ნდობითაა აღჭურვილი. ეს დიდი მოტივაციაა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ხმა მიაწვდინოს ევროპას.
„ევროკავშირი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია. ჩვენი მისიაც ამ ერთგულების პრაქტიკული მაგალითია. აქ თითქმის 16 წელია ვართ და სანამ ჩვენ, საქართველოში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, გვაქვს საშუალება, შევიტანოთ წვლილი სტაბილურობაში, მოხარულები ვიქნებით, რომ მისია გავაგრძელოთ…“ – ამბობს სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერი კლაას მასი.
ყოველი საველე სამუშაოს შემდეგ დამკვირვებლები ოფისში ბრუნდებიან. სადაც ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების სწორი, დროული და ზუსტი ინფორმირებისთვის ისინი ანგარიშს ამზადებენ.