პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. იგი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნოვო–ოგარიოვოში შეხვდა.
ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, თუმცა დასძინა, რომ მისი პოზიცია ისრაელთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე არ შეცვლილა.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმაც რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ თავადაც მოსკოვის მხარესაა.
შეხვედრის დროს ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ღაზაში მიმდინარე ომის საკითხები განიხილა.
„ჩვენ მოთმინებით, მტკიცედ ვდგავართ ჩვენს მიწაზე და მოვითხოვთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და მათი იძულებით გადაადგილების შეჩერებას“, – განაცხადა აბასმა შეხვედრის დროს.
მან ასევე დასძინა, რომ არავის მისცემს პალესტინელების საკუთარი სახლებიდან გაძევების უფლებას.
აბასის თქმით, გაეროს პალესტინელი ხალხის სასარგებლოდ არ მიუღია რეზოლუციები. პალესტინის ლიდერი ფიქრობს, რომ გამოსავალს შეერთებული შტატების ზეწოლის გამო ვერ პოულობენ.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ მხარს უჭერს პალესტინას. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია უცვლელია.