მთავარისაქართველოსენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ერთობლივი განცხადება

სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ერთობლივი განცხადება

საქართველოში ვიზიტისა და ოფიციალური შეხვედრის შესახებ, ერთობლივი შემაჯამებელი განცხადება გაავრცელეს ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდათ.

ისინი ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას და საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს უშლის.

ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული კურსისა და პარტნიორ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რისთვისაც ეს კანონი ხელისშემშლელია.

სენატორი და კონგრესმენი ერთობლივ განცხადებაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვის აუცილებლობასაც უსვამენ ხაზს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი ერთგულება, ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი – მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს”, აცხადებს ჯინ შაჰინი.

კონგრესმენი მაიკ ტერნერი აქცენტს საქართველო-აშშ-ს პარტნიორულ ურთიერთობებსა და ამ მხრივ შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად.

აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის”, – აცხადებს კონგრესმენი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend