ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, ბანგლადეშში ინდუისტური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევები გახშირდა. 5 აგვისტოდან მოყოლებული, ინდუისტებსა და სხვა რელიგიურ უმცირესობებზე სულ მცირე 200 შემთხვევაა აღრიცხული.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს თავდასხმები არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური მიზნებითაა მოტივირებული, რადგან ტრადიციულად ქვეყნის ინდუისტური უმცირესობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს უჭერდა მხარს. დროებითი მთავრობის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სახელმწიფო რელიგიურ უმცირესობებს დაიცავს.
მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტების და სახელმწიფოსა და სტუდენტებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების ფონზე, ბანგლადეშის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, არობინდა მოჰალდერმა, 65 წლის ყოფილმა სამთავრობო აუდიტმა და მისმა მეუღლემ, სიცოცხლის მოსპობის შიშით, საკუთარი სახლი დატოვეს. იმავე დღეს, მათი საცხოვრებელი თავდამსხმელებმა გაძარცვეს და მოგვიანებით დაწვეს.
შეიხ ჰასინას ინდოეთში გაქცევის შემდეგ, ძალადობრივი დაჯგუფებები მის თანამოაზრეებს თავდასხმით ემუქრებიან. მათ შორის ყველაზე დაუცველად, თავს ქვეყნის ინდუისტური უმცირესობის წარმომადგენლები გრძნობენ, რადგან ეს ჯგუფი ტრადიციულად ბანგლადეშის სახალხო ლიგის, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის მხარდამჭერები არიან. პარტიის, რომლის წევრი და ყოფილი ლიდერიც გახლდათ შეიხ ჰასინა.
,,ძალიან მეშინია. როდესაც ადამიანი ამდენს შეაგროვებს, სახლს ააშენებს… ამხელა დანაკარგის შემდეგ უკან დაბრუნება აღარ სურთ ხოლმე. მაგრამ მე მაინც მინდა ჩემ სახლში დაბრუნება და იქ ცხოვრება… ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრე იქ. თუმცა ხულიგნების და მძარცველების გამო მეშინია“, – ამბობს არობინდა მოჰალდერი, ყოფილი სამთავრობო აუდიტი.
ბანგლადეშში, ინდუისტებსა და სხვა რელიგიურ უმცირესობებზე 5 აგვისტოდან, შეიხ ჰასინას ქვეყნიდან წასვლის დღიდან მოყოლებული, სულ მცირე 200 თავდასხმა აღირიცხა.
ბევრისთვის ძალადობის ამ შემთხვევებმა, პაკისტანის წინააღმდეგ 1971 წლის დამოუკიდებლობის ომის მოგონებები გააღვიძა. ქვეყნის ინდუისტური უმცირესობა, მაშინაც ძალადობის სამიზნე იყო. ისივე როგორც, 1990-იან წლებში ისლამური ჯგუფების აღზევების დროს.
ბევრი მიიჩნევს, რომ თავდასხმები არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური მიზნებითაა მოტივირებული.
,,ინდუისტებს თავს ესხმიან, რადგან ავამის ლიგა არის სამიზნე. ეს არის თავდასხმების მთავარი მიზეზი. ინციდენტები რელიგიურად მოტივირებული არ არის“, – ამბობს ზილურ რაჰმანი, მმართველობის კვლევების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
,,შეიხ ჰასინას წასვლის შემდეგ გახშირდა თავდასხმები. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი მხარს გვიჭერდა. მუსლიმი დები და ძმები ჩვენს გვერდით არიან“, – მუნი გოში, ინდუისტური უმცირესობის წარმომადგენელი.
,,აქ, ბანგლადეშში ჩვენ მუსლიმებთან, ინდუისტებთან, ბუდისტებთან და ქრისტიანებთან ერთად ვცხოვრობთ. მომხდარი ინციდენტები უფრო პოლიტიკური ხასიათისაა. ყველაფერი პოლიტიკური მიზეზების გამო ხდება. ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ასევე, მოვუწოდებთ უმცირესობებს, დარწმუნდნენ, რომ ბანგლადეშელი ხალხი და ბანგლადეშის მთავრობა თქვენს გვერდით იდგება“, – განაცხადა ნაჰის ისლამმა, დროებითი მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა და სტუდენტური მოძრაობის ლიდერმა.
მიუხედავად ამ დაპირებისა, ბანგლადეშის ინდუისტური უმცირესობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ პოლიციელების დიდი ნაწილის გაფიცვის გამო, სახელმწიფო მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომაც, სტუდენტები მოხალისეობრივად პატრულირებენ დედაქალაქის ქუჩებს.
ბოლო მონაცემებით, ივლისიდან მოყოლებული, ბანგლადეშში მასობრივ ძალადობრივ შეტაკებებს 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.