წლის მთავარი სპორტული მოვლენა – პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დასრულდა.
დახურვის ცერემონია ამჯერად სტადიონზე გაიმართა, რადგან ორგანიზატორების თქმით, უკვე მთავარ როლში არა ქალაქი პარიზი, არამედ სპორტსმენები არიან.
პარკ დე ფრენსზე შეკრებილმა ათიათასობით მაყურებელმა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იხილა, მათ შორის საქართველოს დელეგაციის მედროშე და ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.
ქართველმა სპორტსმენებმა წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ.
ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ, ტატო გრიგალაშვილმა და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულმა აიღო. 27 წლის რუსთაველმა მოკრივემ ოლიმპიადაზე ქართული კრივი გააცოცხლა და 24 წლის წინანდელი ვლადიმერ ჭანტურიას შედეგი გაიმეორა.
მედლების საერთო ჩათვლაში, საქართველო 206 ქვეყნიდან 24-ე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო გუნდური შედეგია. საქართველოს დელეგაცია სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10-ზე დაბრუნდება.
ლიდერები ქვეყნების სია კი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. 40-40 ოქროს მედლით პირველი და მეორე ადგილები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა გაინაწილეს. შემდეგ მოდის იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ა.შ
დახურვის ცერემონიის დასასრულს ოლიმპიური თამაშების დროშა ცნობილმა ჰოლივუდის მსახიობმა, ტომ კრუზმა გადაიბარა, რომელიც შოუში აკრობატული ნომრით ჩაერთო და დროშა ლოს-ანჯელესში წაიღო, სადაც 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება.