მთავარიგადაცემებითვითმხილველიდასავლეთ ბალკანეთის რომელ ქალაქებში ცხოვრობენ ყველაზე კარგად ბოშები?

დასავლეთ ბალკანეთის რომელ ქალაქებში ცხოვრობენ ყველაზე კარგად ბოშები?

ევროპაში 12 მილიონი ბოშა დისკრიმინაციას განიცდის და თავს გარიყულად გრძნობს. თუმცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპის აღიარება მოიპოვეს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ბოშების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დასაძლევად გასწიეს. ევრონიუსის კორესპონდენტი ჰანს ფონ დერ ბრელი მონტენეგროში, სერბეთსა და ბოსნიაში ჩავიდა, რათა ამ ამბის დეტალები გაერკვია.

ევროპაში 12 მილიონი ბოშა ცხოვრობს და აქედან ერთი მილიონი  დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებშია განსახლებული. ბოშების მიმართ გარკვეული ათვალწუნება ისევ იგრძნობა – თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ დამოკიდებულების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მაინც რა კეთდება იმისთვის, რომ ევროპაში ბოშების მდგომარეობა გაუმჯობესდეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში ჩავედი.

მოგზაურობისას გზაზე ვხედავ, თუ როგორ თამაშობენ ბავშვები ნაგავსაყრელებზე. ვხედავ ქოხმახების გარეუბანს. და ბოშები მიყვებიან, თუ როგორ რიყავენ მათ.

„ქალაქში, სადაც არ უნდა მივიდეთ, ხალხი ხელს იშვერს ჩვენკენ და ამბობს: ისევ ბოშები,” –ამბობს რამიზ შაკოლი, ბოშათა უბნის ნიკშიჩის მცხოვრები. „ყავახანაში შევალთ და ისევ გვესმის: ოჰ, ეს ბოშები. გესმით, რისი თქმა მინდა? არ გვაქვს კარგი ურთიერთობა“.

თუმცა ზოგიერთ ქალაქში ეს დამოკიდებულება იცვლება. ევროკომისიამ ახლახან დააჯილდოვა შვიდი ქალაქის მერი იმისთვის, რომ ისინი ბოშებს მეგობრულად ექცევიან. მონტენეგროში ჯილდო გადაეცა მარკო კოვაჩევიჩს, ქალაქ ნიკშიჩის მერს. ეს სიდიდით მეორე ქალაქია მონტენეგროში, რომლის მოსახლეობაც 70 ათას შეადგენს და აქედან დაახლოებით 1500 ბოშაა.

მენტალიტეტი ნელა იცვლება

ქალაქის მერმა კოვაჩევიჩმა 31 სოციალური სახლი ააშენა, საიდანაც 17 ბოშების ოჯახებს გადასცა. თუმცა როდესაც ამ პროექტის გაფართოება სცადა, გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდა.

მარკო კოვაჩევიჩი, ქალაქ ნიკშიჩის მერი:

„ნამდვილად ვეთანხმები ჩემ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ცვლილებები ნელა მიმდინარეობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს სავსებით განსხვავებული ცხოვრების წესია ბოშური თემისა და ნიკშიჩის საზოგადოების სხვა წევრებისთვის, რომლებიც ხშირად ვერ იღებენ, ასე ვთქვათ, საყოველთაო სიკეთისთვის ჩაფიქრებულ საკითხებს. ახლახან გვქონდა ზუსტად ამის მაგალითი: გვინდოდა, 10 სოციალური სახლი აგვეშენებინა ერთ უბანში, მაგრამ იქაური მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდით.

მე მივემართები „ბოშათა ინიციატივების ცენტრისკენ.“  ეს არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა პროექტებთან ერთად ბოშა ქალების უფლებებზეც ზრუნავს. ორგანიზაციის დირექტორი ფანა დელია ამბობს, რომ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჯანდაცვა, სკოლა, სამსახური და დაბინავება – ურთიერთკავშირშია. მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნებოდა საკუთრების უფლების დადგენა – ეს პრობლემა ყოფილ იუგოსლავიაში შემავალ ყველა რეგიონს აწუხებს.

„ზოგადად რომ ვისაუბროთ, ყველაზე დიდი პრობლემა არის იმ მიწის ლეგალიზაცია, რომელზეც ბოშათა თემი ცხოვრობს,“ – განმარტავს ფანა დელია.

ზოგიერთ ბოშას აქვს სახლი. უმეტესობას კი არ აქვს. ნიკშიჩის გარეუბანში ალუმინის საბადოს ღია კარიერისკენ მიმავალ გზაზე მუნიციპალიტეტმა სოციალური დასახლება გააკეთა 300 კაცისთვის. მრავალსულიანი ოჯახები ერთად არიან შეჭეჭყილი, ზოგი მათგანი გაუსაძლის პირობებში იმყოფება.

„ერთ სახლში 14 სული ცხოვრობს, შვილიშვილებთან ერთად, ჩემი ვაჟიც აქ არის ავადმყოფ ბავშვთან ერთად… ამ სახლში სრული ქაოსია. არავინ მუშაობს, მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას,“ – ამბობს ბუკურია სეიდი, ნიკშიჩის ბოშური უბნის მცხოვრები.

უბინაობა, სკოლის პრობლემა, უმუშევრობა – და ყველაფერთან ერთად სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული ავადმყოფი ბავშვი… უკვე 20 წელია ფანა ცდილობს, დაეხმაროს, როგორც შეუძლია. გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში  აქცენტი ამ თემის დასაქმებაზე გაკეთდეს –  იმ ადამიანების დასაქმებაზე, რომელთაც მუშაობა შეუძლიათ“ –  ასე ფიქრობს ფანა დელია.

ზოია ბოშების მედიატორად მუშაობს საშუალო სკოლაში. მე თან გავყევი ზოიას, როდესაც მან ამელი და მის ექვსი შვილი მოინახულა. ქალებმა იციან, რომ სამუშაო რომ იპოვო, პირველ რიგში, აუცილებელია კარგი განათლება.  სწორედ ამიტომ ადევნებს თვალყურს ზოია იმ რამდენიმე ბოშა ბავშვს, რომლებიც საშუალო სკოლაში სწავლობენ. იგი თავადაც ბოშაა – და უნივერსიტეტიც დაამთავრა. ეს დიდი იშვიათობაა ბოშისთვის მონტენეგროში.

„საშუალო განათლება თუ სავალდებულო გახდება, ბოშა ბავშვები აღარ მიატოვებენ სკოლას და უკეთესი განათლების წყალობით ცხოვრებას უკეთესად მოიწყობენ,“ – ამბობს ზოია ტარლამიშაი, სკოლის მედიატორი.

სამოქმედო გეგმა ბოშებისთვის

მე ვაგრძელებ ჩემს მოგზაურობას და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ქალაქ ბიელინისკენ მივემართები. ამ ქალაქში 100 ათასი კაცი ცხოვრობს და აქედან 2 ათასი ბოშაა. ამ ქალაქში აშენებენ სოციალურ სახლებსა და თავშესაფარს ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვებისთვის და ბოშათა ფესტივალს აწყობენ. ქალაქის მერმა  პეტროვიჩმა 2027 წლამდე სამოქმედო გეგმა წარადგინა.

„ბოშათა უმცირესობის ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა არის განათლება, განათლება და მხოლოდ განათლება“, – ამბობს ლიუბიშა პეტროვიჩიბიელინის   მერი.

არასამთავრობო ორგანიზაცია Otaharin-ი ბავშვებს საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარება და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც სთავაზობს. აქ საჭმლითაც უმასპინძლდებიან და ხელოვნებასაც ასწავლიან. ბევრი ბოშა ბავშვი სერბულად ვერ საუბრობს, როდესაც სკოლაში შედის. ბოშათა კოორდინატორი სანიტა სმაიჩი  ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარება.

„ჩემი მიზანია, რომ დაწყებით კლასებში ბავშვებს ბოშური ენის მცოდნე ეხმარებოდეთ,“ – ამბობს სანიტა.

ვესიდას  მუდმივი სამუშაო აქვს მებოსტნეობის ფერმაში. მაგრამ სხვა ბოშებს დღიურ მუშებად ურჩევნიათ ყოფნა, ზოგს გრძელვადიანი კონტრაქტის დადება უჭირს, ამბობს ვესიდა. ავსტრიის განვითარების სააგენტო, ბოშური არასამთავრობო ორგანიზაცია Otaharin-ი და ბიელინის მუნიციპალიტეტი უჭერენ მხარს მებოსტნეობის პროექტს, რომელიც ძირითადად ქალთა დასახმარებლად შეიქმნა.

როდესაც AGROPLAN-ის დასაქმებული ვესიდა მოვინახულე, ძალიან ცხელოდა, ის და მისი თანამშრომლები კი მარწყვს კრეფდნენ.

„მე ძალიან მომწონს ჩემი საქმე. შემიძლია ვთქვა, ბედნიერი ვარ, სამუშაო რომ მაქვს, რადგან ვიცი, რა რთულია უმუშევრობა ადამიანისთვის. უამრავი რამ გჭირდება და კომუნალურებიც გადასახდელია“, – ამბობს ვესიდა.

უკეთესი მომავლის შენება

ჩემი ბოლო გაჩერებაა სერბეთის სპა-კურორტი ვრნიაჩკა-ბანია.  ეს ქალაქი ტურისტებს იზიდავს და ტოლერანტის სახელი აქვს. აქ დაახლოებით 400 ბოშა ცხოვრობს. ბოლო 8 წლის განმავლობაში აქ ბოშებზე გათვლილ პროექტებზე ერთი მილიონი ევრო დახარჯეს საერთაშორისო დონორებმა ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორებიცაა სასმელი წყალი, ელექტროენერგიით მომარაგება, სამშენებლო მასალები და პროფესიული სემინარები. ქალაქმა საკუთარი ბიუჯეტიდან კიდევ 200 ათასი ევრო დაამატა.

„უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ავაშენეთ სოციალური სახლები იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ და იქ შევასახლეთ“ – განმარტავს ბობან დუროვიჩივრნიაჩკაბანიის მერი.

2016 წლიდან ამ ქალაქში ბოშათა კოორდინატორიც მუშაობს – დეიან პავლოვიჩი. ჩვენ ახლოს მივედით სოფელ გრაჩაცთან, სადაც 250 ბოშა ცხოვრობს. ეს ამ მუნიციპალიტეტში ბოშათა ყველაზე დიდი დასახლებაა.

ჟივოსალვ ვუიჩიჩი დიდხანს მუშაობდა გერმანიაში. როდესაც დაბრუნდა, ლამაზი სახლი აიშენა. დღეს ის სოფლის წარმომადგენელია და ხაზს უსვამს, რომ მერთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

„იგი ყველას სცემს პასუხს მხოლოდ ფეისბუკზე Facebook, ვაიბერსა Viber და მესინჯერში Messenger კი არა, ხალხი მასთან სახლშიც კი მიდის დახმარების სათხოვნელად და ისიც ეხმარება. უბრალოდ ასეთი კაცია. პრობლემები ყველგანაა, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა წყალგაყვანილობის სისტემაა“, – ამბობს ჟივოსლავი.

სოფელ გრაჩიცის მცხოვრებ ვლადიკა სიმიჩს  დიაბეტი აქვს, მის ძმას  გული აწუხებს. მათი სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, რომ იცხოვრონ. სახლში არ აქვთ საპირფარეშო და ამისთვის ხუხულას იყენებენ. მუნიციპალიტეტმა სამშენებლო მასალა აჩუქა ძმებს რემონტისთვის. მაგრამ მუშებს ვინ გადაუხდის?

„ვგეგმავდით, რომ სააბაზანო გაგვერემონტებინა და ელექტროგაყვანილობა მოგვეწესრიგებინა. სამშენებლო მასალა გვაქვს, მაგრამ მუშებს ჯერ კიდევ ველოდებით“, – გვიხსნის ვლადიკა.

სოფელში საკმაოდ ბევრი ლამაზი და კოპწია სახლია. მაგრამ ყველა ასეთი არ არის. ბოშათა მედიატორი დეიანი ნანგრევებს გვაჩვენებს. აქ მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. სახურავში წვიმა ჩადიოდა. ერთი წლის წინ სოციალურმა სამსახურმა ბოლოს და ბოლოს გამოსავალი იპოვა.

„აქ ექვსი სული ცხოვრობდა, რომლებიც ახალ შენობაში გადაიყვანეს, რომელიც ვრნიაჩკაბანიის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლების პროგრამის ფარგლებში აშენდა“, – განმარტავს დეიან პავლოვიჩივრნიაჩკაბანიის ბოშათა კოორდინატორი.

ახლა 7 წლის მელისამ და მისი ოჯახის წევრებმა ახალი ცხოვრება დაიწყეს. ნანგრევებიდან ახალთახალ ბინაში გადავიდნენ. მელისას მამა თერძია, მაგრამ ძირითადად მშენებლობაზე მუშაობს. ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ორმა ვაჟმა მუნიციპალიტეტის დახმარებით პროფესიული სწავლების კურსი გაიარა და ერთმა ფილების დაგება ისწავლა, მეორემ სტილისტობა. დედა სონია იბიჩმა შვებით ამოისუნთქა.

„ახლა საკმარისი ადგილი გვაქვს დასაძინებლად. სარდინებივით ჩამწკრივებულებს აღარ გვძინავს“, – ამბობს სონია.

მის არასრულწლოვან ქალიშვილს, კრისტინას, უკვე შვილი ჰყავს – გაბრიელი. სკოლის მიტოვება და ნაადრევი ორსულობაც დიდი პრობლემაა ვრნიაჩკაბანიაში. კრისტინას ვეკითხები, თუ რას გეგმავს პროფესიული კუთხით.

„ალბათ სტილისტი ვიქნები,“ -ასეთია კრიტინას პასუხი. „მხოლოდ ერთი შვილი მყავს და 17 წლის ვარ. აქ სამზარეულოც გვაქვს და სააბაზანოც, რომელშიც ბანაობა შეგვიძლია. ადრე ამას გარეთ ვაკეთებდით, აქ ძალიან კარგია“.

ნამდვილ ცვლილებას პოლიტიკური ნება, ფული და მოთმინება სჭირდება – ასევე ყველა მეგობრული თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებსა და ბოშებს შორის.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend