საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ირანსა და მის მოკავშირე სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ არ შეუშალონ ხელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს.
12 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევალი გათავისუფლდეს.
„ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. არ დავიშურებთ ძალისხმევას დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის გამოსაძებნად“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რეგიონში სიტუაციის ესკალაცია სარგებელს ვერცერთი ქვეყანას ვერ მოუტანს. სამი ქვეყნის ლიდერის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მუშაობენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან და ეძებენ სტაბილურობისკენ მიმავალ გზებს.
„ჩვენ: საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, მივესალმებით ჩვენი პარტნიორების დაუღალავ შრომას ყატარში, ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰეიჰ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, პრეზიდენტის სისის და პრეზიდენტ ბაიდენის ერთობლივ განცხადებას მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ. ვთანხმდებით, რომ მოლაპარაკებების შეფერხება არ შეიძლება. ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. და არ დავიშურებთ ძალისხმევას დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის გამოსაძებნად. ბრძოლა უნდა დასრულდეს და “ჰამასის” მიერ დაკავებული ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს. ღაზას მოსახლეობას სჭირდება სასწრაფო და შეუზღუდავი დახმარების მიწოდება.
შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობით და გაერთიანებულნი ვართ დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის გარშემო.მოვუწოდებთ ირანსა და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას. ისინი პასუხისმგებლები იქნებიან იმ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის ამ შესაძლებლობას. არც ერთი ქვეყანა ან ერი არ მოიგებს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის შედეგად“, – აღნიშნულია განცხადებაში.