გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის ქალაქების ქუჩებში დიდი არეულობა იყო – დაპირისპირებები, ხანძრები და ძალადობა.
ერთ-ერთი მიზეზი ამ ძალადობის სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია გახდა, რამაც გაზარდა ქვეყანაში ანტიიმიგრაციული განწყობები.
არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ძირითადად რადიკალ მემარჯვენე ანგარიშების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა ბავშვები და მათგან 3 მოკლა იყო მუსლიმი, რომელიც დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვდა. ამან გამოიწვია ანტიიმიგრაციული ტალღა სოციალურ ქსელში, რომელიც შემდეგ ქუჩებში გადაიზარდა.
პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ საქმეზე დაკავებულია 17 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია დიდ ბრიტანეთში, კარდიფში და რომლის მშობლები წარმოშობით რუანდიდან არიან. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა, რომ ეჭვმიტანილი არ იყო თავშესაფრის მაძიებელი არამედ მოქალაქე, დეზინფორმაცია მაინც არ შეჩერდა სოციალურ ქსელში და ვირუსულად გავრცელდა განსაკუთრებით პლატფორმა X-ზე. ბრიტანელი პოლიციელები ღიად ადანაშაულებენ სოციალურ ქსელის მფლობელ კომპანიებს ამ არეულობაში, რაც ხდება ბრიტანეთში, რადგან ძირითადად, რაც ისმოდა პროტესტის დროს იყო ანტიისლამური ლოზუნგები და ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მეჩეთს აგურებს ესროდნენ.
ერთ-ერთ აგიტატორად ამ დაპირისპირების დიდ ბრიტანეთში პლატფორმა იქსს მფლობელი ილონ მასკი მიაჩნიათ. თავის გვერდზე დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით მან დაწერა რომ „სამოქალაქო ომი გარდაუვალია“, რასაც რეაქცია მოჰყვა თვითონ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან. მათი თქმით, ასეთი კომენტარები უბრალოდ დაუშვებელია და მხოლოდ ზიანი მოაქვს.
ილონ მასკმა ასევე გააზიარა თავის გვერდზე შეთქმულების თეორია იმის თაობაზე, დიდი ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულებზე ბანაკების შექმნას კონკრეტულად მათთვის ვინც ანტიიმიგრაციულ პროტესტზე გამოდის. მასკმა შემდეგ წაშალა ეს პოსტი, თუმცა ვიდრე წაშლიდა ის იქსზე ორზე მეტ მილიონამდე ადამიანმა ნახა.
წლების განმავლობაში სოციალური ქსელების კომპანიები ცდილობენ, შემცირდეს დეზინფორმაციის რაოდენობა და ასევე ყალბი ანგარიშების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ უფრო მეტი დაპირისპირება ადამიანებში, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის.
გარდა კონკრეტულად სოციალური ქსელის კომპანიებისა, სახელმწიფო ორგანოები ქმნიან კანონებს, რათა ტექკომპანიები დაავალდებულონ. მაგალითად, ევროკავშირმა მიიღო ციფრული მომსახურების შესახებ კანონი, რომელიც ავალდებულებს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, არალეგალური და დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას. დიდმა ბრიტანეთმა ასევე შეიმუშავა ინტერნეტის უსაფრთხოების აქტი, რომელიც ძალაში სავარაუდოდ უკვე წელს შევა.