„პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები უხილავები არიან – უხილავები სახელმწიფოსთვის და არა მხოლოდ” – ამას ამბობს კვლევა „სტიგმის მიღმა უხილავები“, რომელიც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ გამოაქვეყნა და რომელიც საქართველოში პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების საჭიროებებს სწავლობდა. კვლევის ავტორი ნატალია მჭედლიშვილი ამბობს, რომ მისი აზრით, ამ ქალების ხმა ფემინისტურ დისკუსიებშიც იშვიათად ისმის. მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ თითქმის არსად საუბრობენ და ამას თავისი მიზეზები აქვს. სექსუალობასთან, და მით უფრო, კომერციულ სექსსამუშაოსთან დაკავშირებული სტიგმა და ნეგატიური სოციალური განწყობები იმდენად ძლიერია, რომ ეს ქალები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის წინაშე ხშირად სრულიად მარტო რჩებიან. მარტო არიან მაშინაც, როცა დახმარება სჭირდებათ, რომ უბრალოდ გადარჩნენ.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 74% ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამხდარა კლიენტის მხრიდან მინიმუმ ერთი ფორმით ძალადობის მსხვერპლი. გამოკითხულთა თითქმის მესამედს კი, კლიენტი ფიზიკურადაც გასწორებია. რადგან პროსტიტუციაში ჩაბმული ქალებისთვის ანონიმურობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან, სამართალდამცავების მხრიდან შეუსაბამო მოპყრობაც არაერთხელ გამოუცდიათ, ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავენ.
„გამიტაცეს. სადღაც რაიონში, სამი დღე ჩაკეტილი ვიყავი. ლამის ნახევარი სოფელი იყო ალბათ ჩემთან. ფულზე არ არის საუბარი. მე რომ იქ დამეწყო ყვირილი და რამე მეთქვა, ცოცხალიც ვერ გადავრჩებოდი. ჩვეულებრივად გამიმეტებდნენ. ბოლოს ერთ-ერთ ბიჭს შევეცოდე და გამომაპარა… დარწმუნებული ვარ, გოგოების ნახევარზე მეტს ძალიან ბევრჯერ არ მიუმართავს პოლიციისთვის იმის გამო, რომ ამას შეიძლება პოლიციის მხრიდან არასასურველი მოპყრობა მოჰყვეს, ან შეიძლება ისეთი რამ მოითხოვონ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ასეთ დროს ფიქრობ, რომ ვინმემ შენი დაცვის ნაცვლად შეიძლება ვითარებით ისარგებლოს – იძალადოს და ხმა ვერ ამოიღო. მე ვინ დამიჯერებს? მას დაუჯერებენ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელია”, – ამბობს პროსტიტუციაში ჩაბმული ქალი.
„ძალადობისა და ჯანმრთელობის რისკები და მათთან გამკლავებაში ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა სტიგმასთან ერთად პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს რიგი ფსიქო-სოციალური გამოწვევების წინაშე ტოვებს. უპირველესად, ეს საქმიანობის გასაიდუმლოების აუცილებლობაა“, -ვკითხულობთ კვლევაში. პროსტიტუციაში ჩაბმული ქალებისთვის ანონიმურობა, ერთი მხრივ, თავდაცვის ბერკეტია. მეორე მხრივ, საქმიანობის გასაიდუმლოება თავადაა სტრესისა და მხარდამჭერ სისტემებთან შეზღუდული წვდომის მიზეზი.
„როგორც წესი, სექსუალობასა და კომერციულ სექსსამუშაოსთან დაკავშირებული სტიგმის გამო პროსტიტუციაში ჩაბმული ქალებისთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა მათი საქმიანობის შესახებ არ იციან. ანონიმურობა, ერთი მხრივ, ძალადობისგან თავის დაცვის აუცილებელი ფაქტორია. მეორე მხრივ, ამ ანონიმურობის შენარჩუნება ძალიან სტრესულია. იგი ბარიერია კონკრეტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო სერვისები. მათ სპეციფიკური საჭიროებები აქვთ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პირობებშიც კი, ამ ქალებისთვის ვინაობის გამჟღავნება დიდ რისკადაა აღქმული. არც კი ვსაუბრობ პოლიციისადმი მიმართვიანობაზე, რომელიც ძალადობის შემთხვევებში ძალიან დაბალია”, – აღნიშნავს კვლევის ავტორი ნატალია მჭედლიშვილი.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ აქვს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები ან დაავადება, რომელიც ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას ან მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს. ამ ქალების ორ მესამედს მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება. ამასთან, პრობლემაა სექსსამუშაოში ჩართული ქალებისადმი სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებაც.
„ექიმთან რომ მიხვიდე, ვერ ეტყვი, რომ უწესრიგო სქესობრივი ცხოვრება გაქვს. ამის თქმა რთულია. ექიმებიც ხშირად სცოდავენ იმ მხრივ, რომ მსგავსი საკითხების მიმართ სენსიტიურები არ არიან”, – ამბობს პროსტიტუციაში ჩაბმული ქალი.
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სახელმწიფოსა და სექსსამუშაოში ჩართულ ქალებს შორის შუამავლის როლს არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ.
„სახელმწიფოს აქვს პროგრამები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმართულებით. პროსტიტუციაში ჩართული ქალებისთვის ამ სერვისების მიმწოდებლები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ამ ორგანიზაციების არსებობა არა მხოლოდ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალებისთვის, არამედ სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 20 წელზე მეტია ეს ორგანიზაციები ძალიან ლიმიტირებული რესურსით ქალებს სამედიცინო სერვისს აწვდიან, არიან შუამავლები სახელმწიფო სერვისებსა და ქალებს შორის. სახელმწიფოს თვითონ ამის რესურსი არ აქვს”, – ამბობს მკვლევარი.
თავად ეს ქალები კი, ყოველი შესაძლებლობისას ითხოვენ მათი აზრით ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს: „თავშესაფარი უნდა იყოს. ამას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს და ხვეწნა, ძებნა და ათასი ბარიერის გადალახვა არ უნდა იყოს საჭირო. თუ ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, ვინმე ემუქრება, ან საცხოვრებელი არ აქვს, უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც დროებით სულს მოითქვამს, სადაც რაღაც გამოსავალს, ალტერნატივას შესთავაზებენ. იქნებ უნდა, რომ სხვა საქმით დაკავდეს, მაგრამ ვერ ალაგებს ცხოვრებას. უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც ამ ქალებს რაღაცის შეცვლაში დაეხმარება დროებით მაინც, რომ ქალი ქუჩაში არ ნახონ ყელგამოჭრილი. რამდენი შემთხვევაა, როცა სექსმუშაკებს კი არა, ოჯახის ქალებს კლავენ ქმრები, ძმები და ოჯახის წევრები. წარმოიდგინეთ ჩვენნაირ ქალებს რას უზამენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავშესაფარი უნდა არსებობდეს. ამ თავშესაფარში უნდა მუშაობდნენ კომპეტენტური ადამიანები, რომელთაც იმის უნარი და განათლება ექნებათ, რომ ქალებს, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურად დაეხმარონ”, – ამბობს პროსტიტუციაში ჩაბმული ქალი.
კვლევის ავტორი ამას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს ქალები თავშესაფრის აუცილებლობაზე ხშირად საუბრობენ, ითხოვენ ადგილს, სადაც შეძლებენ დროებით მაინც მოარიდონ თავი ამ მძიმე ცხოვრებას და მომავლის შესაძლებლობაზე დაფიქრდნენ.