საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუჰანსკის რაიონებში. თუმცა, სხვადასხვა სამხედრო მიმომხილველი აღნიშნავს, რომ რუსული იერიშების ინტენსივობამ იკლო ფრონტის ამ მიმართულებაზე. სამაგიეროდ, როგორც რუსები ამბობენ, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში გასულ ღამეს უკრაინელებმა დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ტელეგრამზე” განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასულ ღამეს ბელგოროდის, კურსკის, ლიპეცკის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ორლოვსკის ოლქებში, ასევე ოკუპირებული ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიაში მასშტაბური იერიში იყო დრონებით. ჯამში 75 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს უკრაინელმა სამხედროებმა. რამდენი გაანადგურეს, უცნობია. ბელგოროდში 26 იერიში იყო, კურსკში – 7, ლიპეცკში კი 19 იერიში დრონით. ლიპეცკთან დაკავშირებით სამხედრო მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ამ ქალაქში უკრაინელებმა აეროდრომი გაანადგურეს.
დრონებით მასშატაბურ იერიშზე საუბრობს ბელგოროდის გუბერნატორიც ვიაჩესლავ გლადოვი. მისი განცხადებით, 29 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს მის ოლქს. ამჟამად, ისინი ზარალს ითვლიან.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის ხელისუფლება და ოფიციალური პირები არ საუბრობენ საბრძოლო მიღწევებზე, ჩვენ სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემისა და სამხედრო მიმომხილველთა მონაცემებს მოვუყარეთ თავი.
უკრაინელებს დაკავებული აქვთ სხვადასხვა სიდიდის 17-ამდე დასახლება, მათ შორისაა სუჯა. საბრძოლო მოქმედებებია აღმოსავლეთით კურილოვკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბალშოე სოლდადსკოესა და ჩრდილოეთით ანასტასევკის ფლანგებზე. ამ დასახლებიდან დაახლოებით 35 კილომეტრამდე მანძილია კურჩატოვამდე, სადაც ატომური ელექტროსადგური აქვთ რუსებს.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, საზღვრიდან უკრაინელები დაახლოებით 35 კილომეტრით არიან რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილები.
რუსი სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ უკრაინელები ე.წ. ბალაკლეის სცენარის მიხედვით იბრძვიან. როდესაც ერთი სწრაფად მობილური შემტევი დანაყოფი გამაგრებულ პოზიციას უტევს, ამ დროს სამანევრო, ასევე სწრაფი მობილური ქვედანაყოფები კეტავენ პერიმეტრს, ლოგისტიკურ ხაზზე უსაფრდებიან, ამის შემდეგ კი ძირითადი ძალა ურტყამს ობიექტს და საბოლოოდ იღებს. ფაქტია, რომ სწორედ ასეთი იერიშით ამ ფლანგზე არსებული თავდაცვითი ზღუდე გადალახეს უკრაინელებმა.
რა ნაბიჯები არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან?
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს.
- კრემლი ბრძოლაში ჩართავს წვევამდელებს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს, რუსეთის ეროვნულ გვარდიასა და ყველა იმ დანაყოფს, რომლებიც რეგიონში არიან;
- ამ იერიშის საპასუხოდ ის გამოიყენებს ჩრდილოეთის სამხედრო დაჯგუფებას;
- გამოიყენებს ოპერატიულ რეზერვებს;
- ამ ფლანგზე ავიაციისა და ბალისტიკური სარაკეტო საშუალებების გაძლიერებით რუსეთი შეეცდება, დაზოგოს ძირითადი ძალები;
თუმცა ცხადია, რომ კრემლს ახლა ძალიან სჭირდება სიტუაციის მაქსიმალურად სწრაფად ნეიტრალიზაცია. საინტერესოა ის, რომ, როგორც „ბიბისი” იტყობინება, რუსულ მედიასაშუალებებში ცალსახადაა დაბნეულობა უკრაინელთა ამ იერიშის გამო. კრემლს უჭირს, აღიაროს, რომ რეგიონში სერიოზული სამხედრო დაპირისპირებაა, თუმცა არსებულ სიტუაციასაც ვერ უარყოფენ. საინტერესოა ისიც, რომ სოციალურ ქსელ ტელეგრამზე ძალიან ხშირად იდება ისეთი ვიდეომასალა, რომელშიც რუსი სამხედროების ტყვედ აყვანაა ასახული. ფაქტი ერთია, ამ მომენტამდე უკრაინული არმია ტაქტიკურ წინსვლას განაგრძობს.