მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი დებატები 10 სექტემბერს გაიმართება

დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პირველი დებატები 10 სექტემბერს გაიმართება

3 თვეზე ნაკლები საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ზუსტად 2 თვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დებატებამდე. შეერთებულ შტატებში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ პოლიტიკური პაექრობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ცნობილია ამერიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისისა და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დებატების თარიღი – 10 სექტემბერი, ტელეკომპანია ABC News-ის საღამოს ეთერი. ამ დროს და ამ სივრცეში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობისთვის მებრძოლი ორი მთავარი კანდიდატი შეხვდება. ორივე მათგანს მოუწევს, პასუხი გასცეს კითხვებს როგორც ერთმანეთისთვის, ისე ამერიკელი ხალხისა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან თემებზე. სწორედ გაცემული პასუხების მიხედვით გადაწყდება, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გამარტივდება თუ გართულდება.

მოახლოებული დებატების მზადყოფნაშია ორივე კანდიდატი. დონალდ ტრამპის აზრით, 10 სექტემბრის შემდეგ მასსა და კამალა ჰარისს შორის ოპონირება კიდევ, სულ მცირე, ორჯერ უნდა შედგეს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ დებატებს ტელეკომპანიები Fox News-ი და NBC-ის უმასპინძლებენ. ჯერ კიდევ მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა და ამერიკის 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპის მზაობა დადებითად შეაფასა. პოლიტიკური ოპონენტისგან ის ჯანსაღ კრიტიკასა და გონივრული პასუხების გაცემას ელის.

„მოხარული ვარ, რომ ის საბოლოოდ დასთანხმდა დებატებს. ველი. კარგია, რომ საუბარია 10 სექტემბრის შემდგომ დამატებით დებატებზე. მე ღია ვარ დებატებისთვის“, – მედიასთან შეხვედრისას განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა.

პირდაპირ ეთერში სატელევიზიო დებატებამდე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები სხვადასხვა შტატში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ. ამომრჩევლებთან საუბრისას ტრამპიც და ჰარისიც, როგორც შიდაპოლიტიკურ, ისე საგარეო საკითხებს ეხებიან. განსახილველი თემების ნუსხაში ერთ-ერთი მთავარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი რთული სამხედრო ვითარებაა.

„მე ვიქნები ისრაელისთვის იარაღის გადაცემის ემბარგოს წინააღმდეგი. კამალა ჰარისი ისრაელის მიმართ ძალიან ცუდად იქცეოდა. ის ძალიან ცუდად ექცეოდა ებრაელ ხალხს. ვისაც ვიცნობ ებრაელს, ის მხარს დაუჭერდა კამალას და არა მე. თუ დავუფიქრდებით, მე მათ გადავეცი გოლანის სიმაღლეები. მე გადავეცი მათ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი. საელჩოც კი ავუშენე. მე მათ მოვუგვარე პრობლემური საკითხი ირანთან. პრობლემა ისაა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, როცა ირანი განრისხებული იყო. ჩვენ მარტივად მივაღწევდით შეთანხმებას. არჩევიდან ერთ კვირაში მივაღწევდი შეთანხმებას ირანთან. თეირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ატომური იარაღი. გახსოვთ ალბათ, ჩვენ ერთი-ორჯერ ძლიერად დავარტყით ირანს, მაგრამ მაინც მათთან კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებდით“, – თქვა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

ტელეკამერებისა და ფართო სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე პირდაპირ ეთერში ოპონირება „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგის კიდევ ერთი საზომი იქნება. მანამდე კი ცნობილი ხდება კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის კვლევის შედეგები. დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ მისი მაღალი რეიტინგის მიუხედავად, ამჟამად კამალა ჰარისი 45-ე პრეზიდენტს 5%-ით უსწრებს. ამერიკაში ვარაუდობენ, რომ კამალა ჰარისის გაზრდილი რეიტინგი მის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიასა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორის, ტიმ უოლცის, წარდგენას უკავშირდება.

მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება. ამ დღეს გადაწყდება თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ქვეყნის ყოფილი ლიდერი დაბრუნდება, თუ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი დაწინაურდება და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის სახელით შევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend