მთავარიაზიაიაპონია79 წელი ნაგასაკის ტრაგედიიდან - იაპონიაში დაღუპულებს იხსენებენ

79 წელი ნაგასაკის ტრაგედიიდან – იაპონიაში დაღუპულებს იხსენებენ

აგვისტოს თვე იაპონელი ხალხისთვის განსაკუთრებით დიდ ტკივილსა და ტრაგედიასთან ასოცირდება. 79 წლის წინ იაპონიის ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი ბირთვული იარაღით დაიბომბა. ამერიკული ავიაციის მიერ სამდღიანი შუალედით ჩამოგდებულ ატომურ ბომბებს ჯამში დაახლოებით 214 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ნაწილი დაბომბვის შემდგომ მიმდებარე ქალაქებში წარმოქმნილ რადიაციულ ღრუბელს შეეწირა.

ბირთვული იარაღის გამოყენება დღემდე განხილვისა და დავის საგანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის. დასავლურ მხარეს მიაჩნია, რომ იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების შეჭრის შემთხვევაში დაიღუპებოდა. იაპონიაში კი მიიჩნევენ, რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და მშვიდობიან მოსახლეობაზე შეგნებულად ასეთი ძალის გამოყენება სამართლიანი არ ყოფილა. ამ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, დღეს ვაშინგტონსა და ტოკიოს ერთმანეთთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას ორივე ქალაქში ყოველწლიურად იხსენებენ. გამონაკლისი არც 79-ე წლისთავია. ჰიროსიმასა და ნაგასაკიში იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს 1945 წლის აგვისტოს დღეები და ხაზი გაუსვეს მსოფლიოს რამდენიმე წერტილში დღეს არსებულ ვითარებასაც. შეკრებილ საზოგადოებას და მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარეებს მიმართა ქალაქ ნაგასაკის მერმა.

„ატომური ბომბის გამოყენებიდან 79 წლის თავზე კაცობრიობა შევთანხმდით ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე. ამის მიუხედავად, ატომური იარაღი განვითარდა და მისი გამოყენება შესაძლებელი გახდა საომარ მოქმედებებში. შედეგად, ბირთვული ესკალაციის საფრთხე გაზრდილია. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში რუსეთის ომს დასასრული არ უჩანს, პარალელურად კი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მეტად ფართო ხასიათს იძენს, ჩნდება საფრთხე, ამ შეთანხმებამ ძალა დაკარგოს. მზარდი ესკალაციის ფონზე ჩვენ მსოფლიოსადმი გვაქვს მკაფიო გზავნილი – ნაგასაკი უნდა იყოს ატომური ბომბებისგან დაზარალებული უკანასკნელი ადგილი დედამიწაზე“, – განაცხადა ქალაქ ნაგასაკის მერმა შირო სუზუკიმ.

დაღუპულთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებას არ დასწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ელჩები. მსხვერპლთათვის პატივის მიგება მათ ტოკიოში მდებარე ბუდისტურ სალოცავში მისვლით გადაწყვიტეს.

„მსოფლიოსთვის აშშ-იაპონიის ურთიერთობა სამაგალითო უნდა იყოს. ერთ დროს ჩვენ მტრები ვიყავით, ახლა კი საუკეთესო პარტნიორები ვართ. ეს არის მაგალითი თითოეული ადამიანისთვის, რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა იაპონიაში რამ ემანეულმა.

აშშ-ის ელჩი იაპონიაში რამ ემანუელი, ტოკიო, იაპონია, 9 აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Shuji Kajiyama

6 და 9 აგვისტო იაპონელი ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა როგორც დღეები, რომლებმაც ქვეყნის, აზიური კონტინენტისა და მთლიანი მსოფლიოს დღის წესრიგი სამუდამოდ შეცვალეს. ამ დღეებშივე გადაწყდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ბედიც. აგვისტოს მოვლენების შემდგომ, 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მასშტაბური და ხანგრძლივი საომარი მოქმედებები დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend