აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდის წევრები, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დღეს დილით მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი კობახიძემ მედიასთან ომის მონაწილეების გმირობა გაიხსენა.
„ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ უნდა მივაგოთ პატივი. მათ ჰქონდათ ოცნება – ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ასევე ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები ამ საკითხზე სპეკულირებენ.
„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება. არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ამ თარიღის აღნიშვნა გრძელდება ახლაც ასე. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, წინა ხელისუფლების მიერ ომის დანაშაულებზეც და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გამოიძიებს.
„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – განაცხადა პრემიერმა.