რუსეთში, კურსკის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა საკუთარ ტელეგრამარხზე ადგილობრივი დროით ღამის ოთხი საათის შემდეგ გაავრცელა. მისი განცხადებით, რუსმა სამხედროებმა შვიდი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
„ჩემი ხელმძღვანელობით ოპერატიული შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ. კურსკის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ“, – წერს სმირნოვი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. მაშინ რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა 7 აგვისტოს უკრაინელები უკვე რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ნიკოლაევო-დარიინოს, დარიინოს და სვერდლიკოვოს დასახლებებში შევიდნენ.
გავრცელებული ცნობებით, ოლქში სულ 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. გარდა ამისა, კიდევ 2000 უკრაინელი ჯარისკაცი საზღვართან ახლოსაა განლაგებული. შვიდი აგვისტოს ღამეს უკრაინელებმა ქალაქ სუჯის მიმდებარე ტერიტორიას ორჯერ შეუტიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.
7 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საგანგებო თათბირზე თავდაცვის მინისტრი ბელორუსოვი, გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ გამოიძახა.
გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ 6 აგვისტოს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ნაწილის დასაკავებლად შეტევაზე გადავიდა.
მისივე განცხადებით, ლიკვიდირებულია სულ მცირე 100 უკრაინელი ჯარისკაცი. დაჭრილია 215 სამხედრო. ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრას „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაციაა“ უწოდა. ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 6-7 აგვისტოს 5 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა 31.