ისრაელის არმიის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ პირობა დადო, რომ აუცილებლად იპოვის სინვარს და „ჰამასს“ აიძულებს ახალი მეთაურის დანიშვნას. გენერალ-ლეიტენანტი „ჰამასის” ახალ ლიდერს 2023 წელს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ სინვარის ახალი წოდება ისრაელს ხელს არ შეუშლის მის ლიკვიდირებაში.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვეუბნებით მათ, ვინც თავს ესხმის ისრაელს და საუბრობს ჩვენს განადგურებაზე, ჩვენ მათ შევუტევთ და უფრო გავძლიერდებით…. იაჰიუ სინვარმა გუშინ ახალი წოდება მიიღო. ის არის „ჰამასის” პოლიტბიუროს ხელმძღვანელი. თუმცა ეს წოდება მას არ ათავისუფლებს იმ ფაქტისგან, რომ ის მკვლელია. სინვარი პასუხისმგებელია 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში. ფაქტი, რომ ის ახლა „ჰამასის” ლიდერია, ხელს არ შეგვიშლის მის მოძებნასა და მასზე თავდასხმაში. ტერორისტულ დაჯგუფებას კი, შეუძლია კიდევ ერთი ახალი ლიდერი მოძებნოს“, – ამბობს გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი.
7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულმა თავდასხმამ 1200 ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ისრაელის საპასუხო ომი. ღაზის სექტორში ომი უკვე 11 თვეა გრძელდება და 39 ათასი ადამიანი დაიღუპა.