ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აგვისტოს ომი 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია და ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განლაგებას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიება ადამიანის უფლებების დარღვევაზე და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის.
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის, ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვაში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად განხორციელების მისაღწევად.
ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ვკითხულობთ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.