მთავარიევროპაუკრაინაომის 894-ე დღე - უკრაინის სახმელეთო ოპერაცია რუსეთში

ომის 894-ე დღე – უკრაინის სახმელეთო ოპერაცია რუსეთში

უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 894-ე დღეს რუსეთს ფიქრი საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე უწევს. კრემლი კურსკის ოლქზე უკრაინის თავდაცვის ძალების მორიგი სახმელეთო შეტევის შესახებ იუწყება.

ტერიტორია, სადაც უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რუსეთ-უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტის ერთ-ერთი შეხების წერტილია და სუმის ოლქს ესაზღვრება.

კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება ტელეგრამარხებზე.

ცნობილია, რომ ოლქის მასშტაბით უკრაინელები აქტიურად ანადგურებენ რუსეთის რეზერვებს, მუშაობს დრონები და არტილერია, ხოლო ბალისტიკური რაკეტებით იბომბება ქალაქი კურჩატოვი.

უკრაინის კონტრშეტევით ოპერაციისთვის ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია – კურჩატოვში რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურია განთავსებული.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა ურენგოიუჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელი სადგური დაიკავეს, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება. ენერგოობიექტების გარდა, უკრაინის ჯარმა, სავარაუდოდ, სრულად დაიკავა ქალაქი სუჯა. კურსკის ოლქის მხრიდან აფეთქებულია რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი.

მიმდინარე პროცესების შეფასებისას, სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ აგვისტოს კონტრშეტევა წინა მცდელობებისგან, მასშტაბებისა და მიყენებული ზიანის თვალსაზრისით, განსხვავებულია.

„ეს არ არის წინა თვეების მსგავსი სტანდარტული გადასვლა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ „რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონის“ მოიერიშე ძალები გადადიოდნენ. ეს სხვა სახის შეტევაა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით არის ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფის ზომის შენაერთის იერიში. ჯარისკაცების რაოდენობა 2 500-დან 4 000-მდეა. მოცემულობა ასეთია – უკრაინელები 10-11 კილომეტრის სიღრმეში არიან შესულები“, – თქვა სამხედრო ბლოგერმა, ოთო კონჯარიამ.

უკრაინელთა სახმელეთო ოპერაციის ფონზე რუსეთის სამთავრობო უწყებებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემები შეინიშნება.

სანამ კურსკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციის ცნობებს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებდა, ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა იგივე ცნობები დაადასტურა. მისივე თქმით, გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ოთხი რაკეტა და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„რეგიონულმა შტაბმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა საბრძოლო მოქმედებების არეალიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის. 200-მდე მოქალაქე ევაკუირებულია ავტობუსებით. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კერძო ტრანსპორტით ოლქი ათასობით ადამიანმა დატოვა. თითოეული მათგანი ყველა საჭირო დახმარებით იქნება უზრუნველყოფილი. მოსკოვიდან კურსკის ოლქში საგანგებოდ ჩამოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ეკიპაჟი, რომელიც მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული“, – განაცხადა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა ვიდეომიმართვისას.

კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენები ვლადიმერ პუტინისთვის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი გახდა. კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მსგავსად, მან კიევი კვლავ „ტერორისტულ რეჟიმად“ შეაფასა და საპასუხო ქმედებებით დაიმუქრა – რა სახის, ჯერჯერობით უცნობია.

„როგორც იცით, კიევის რეჟიმმა მოაწყო ფართომასშტაბიანი პროვოკაცია და სხვადასხვა იარაღით, მათ შორის რაკეტებით, მიზანმიმართულად თავს დაესხა სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ კორპუსებსა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს. შეხვედრის დასრულებისთანავე, მე შევხვდებით თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბისა და ფედერალური უსაფრთხოების ხელმძღვანელებს და ჩემი კოლეგებისგან მოვისმენ დეტალურ ცნობებს კურსკში მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

უკრაინის ხელისუფლებას სახმელეთო შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს. ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივი ტელეგრამარხებისა და მედიასაშუალებების ცნობები ექვსი რუსი სამხედროს დატყვევების შესახებ, რასაც მოსკოვის მხრიდანაც მხოლოდ მედია ადასტურებს. კრემლი საუბრობს მსხვერპლზეც. მათი მტკიცებით, კურსკის ოლქზე დარტყმების შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 18 სამოქალაქო პირი.

„ამ შემთხვევაში, უკრაინის მიზანია, მაქსიმალურად შებოჭოს ის ძალები, რომლებიც უტევენ ჩასივ-იარის, დასახლება ნიუ-იორკის, კონსტანტინოვკის მიმართულებებს – აღმოსავლეთის ფრონტზე და ზაპოროჟიეს მიმართულებას – სამხრეთის ფრონტზე“, – თქვა სამხედრო ბლოგერმა, ოთო კონჯარიამ.

უკრაინელთა მხრიდან ეს კონტრშეტევის პირველი მცდელობა არაა. აქამდე კიევი ტაქტიკურად არღვევდა ბელგოროდის ოლქის მხრიდან არსებულ თავდაცვით ზღუდეებს. ბოლო თვეა, რუსეთმა უკრაინის მსხვილ ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე არაერთი მასირებული შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამოქალაქო შენობები სრულად ან ნაწილობრივ დაინგრა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია დასავლელი პარტნიორების მიერ კიევისთვის გაზრდილი სამხედრო დახმარებისა და უკრაინის ცაზე F-16-ების გამოჩენის შედეგია. კიევისთვის გაწეული ნებისმიერი სახის, მითუმეტეს სამხედრო დახმარება, მოსკოვისთვის მიუღებელია. იარაღით უზრუნველყოფის გამო, კრემლი დასავლეთს „ომის სპონსორს“ უწოდებს.

ბოლო პერიოდში მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობდა, თუმცა მხოლოდ კრემლისთვის მომგებიანი პირობებით. რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიშებისა და სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობის ფონზე კი, ახლა უცნობია, მოსკოვი სიტუაციის მეტად გამწვავებას ეცდება თუ დაიხევს უკან და გადახედავს აქამდე არსებულ რიტორიკას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend