მედუზების გამრავლება გარკვეულ პრობლემებს უქმნის ზღვის ეკოსისტემას, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ჟელესებრი პლანქტონის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება, ის სამკურნალოდ და საკვებადაც კი შეიძლება გამოდგეს. თუმცა მანამდე მეცნიერებმა მედუზები სრულყოფილად უნდა შეისწავლონ.
კერტემინე მომხიბლავი საპორტო ქალაქია დანიაში, რომელსაც გარს ულამაზესი ფიორდები, მინდვრები, გორაკები და ტყეები აკრავს. ეს ადგილი მდიდარია ზღვის ფლორითა და ფაუნით, თუმცა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მეცნიერებს, ცოტა არ იყოს ზღვის ერთი სახეობა აფიქრებთ – მედუზები. ისინი მეტისმეტად სწრაფად მრავლდება წყლის ზედაპირთან ძალიან ახლოს.
ეს ზღვის მედუზები მაინცდამაინც არ ისუსხებიან, მაგრამ მათი ბიომასა იმდენად მკვრივია, რომ ის სხვა სახეობებს აზიანებს. დანიელი მეცნიერთა გუნდის წევრები წყალში ყვინთავენ, რათა მედუზები შეისწავლონ და მათი ნიმუშები აიღონ.
მედუზების ბუმი
მედუზები მთელ მსოფლიოში სუსხავენ ტურისტებს, ჭედავენ სათევზაო ბადეს და წყლის მილებს. იმის საშიშროებაც კი არსებობს, რომ ისინი ზღვის ყველა სხვა სახეობას ჩაანაცვლებენ. თუმცა ჯამილე ჯავიდპური, რომელიც 20 წელზე მეტია მედუზებს იკვლევს, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი პროგნოზის გაკეთების საკმარისი საფუძველი.
ჯამილე ჯავიდპური, SDU-ის (სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის) ასოცირებული პროფესორი:
“მედუზების საოცარი გამრავლების აპოკალიფსური სცენარი ნამდვილად არსებობს. ამაში არის ნაწილობრივი სიმართლე, რადგან მედუზებს შეუძლიათ მთელი ეკოსისტემის დაზიანება. თუმცა ყველა სახეობაში ცვლილებებს ერთიანი ხედვა სჭირდება – მაინც როგორ აისახება მედუზების გამრავლება იმ სახეობებზე, რომლებიც კვებით ჯაჭვში მედუზებს უკავშირდებიან? ამიტომ მედუზების გაბატონებას, რაც ჯერ სახეზე არ არის, ისე უნდა შევხედოთ, როგორც ადაპტაციას“.
მკვლევრები ამოწმებენ წყლის ტემპერატურას, მარილიანობასა და სხვა ფაქტორებს, რათა უკეთ გაიგონ, თუ რატომ მრავლდებიან მედუზები ასე სწრაფად.
მედუზების გამრავლებას ხელს ჭარბი თევზჭერა უწყობს
როგორც ირკვევა, მედუზების გამრავლებას ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ჭარბი თევზჭერა, რომელიც ამცირებს მტაცებელსა და კონკურენტს; მეორე მხრივ სოფლის მეურნეობის ნარჩენების ჩადინება ზღვაში, რომელიც ჟანგბადს ანადგურებს. ზღვის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, მედუზას ჟანგბადის ნაკლებობა არ აწუხებს.
მართალია, მედუზების გამრავლებამ შესაძლოა პრობლემები შექმნას, მაგრამ მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ ეს ჟელესებრი პლანქტონები შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. მაგალითად, ის შეიძლება გამოდგეს კოსმეტიკაში, როგორც კოლაგენის ერთ-ერთი წყარო.
გარდა ამისა, მედუზები შესანიშნავად იჭერენ პლასტმასის მიკრონაწილაკებს, რაც შეიძლება ოკეანეს დაეხმაროს გასუფთავებაში.
ჯამილე ჯავიდპური ხელმძღვანელობს GoJelly-ის პროექტს, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს – ამ პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს მედუზის ლორწოს გამოყენების მეთოდი როგორც ბუნებრივის, ისე სინთეტიკურის, რათა დაბინძურებული წყალი ოკეანეში ჩასვლამდე გაფილტრონ.
„მედუზები ძალიან სწრაფად იჭერენ ნაწილაკებს და მათ ბიოლოგიური ლორწოს ფილტრში ათავსებენ, რათა თავიდან მოიცილონ. სწორედ ეს მეთოდი უნდა ვისწავლოთ ბუნებისგან, რათა პრობლემა ბუნებრივი გზით გადავჭრათ,“ – განმარტავს ჯამილე ჯავიდპური.
რა სარგებლობა მოაქვთ მედუზებს?
ზღვის მედუზის გამოყენების უამრავი გზა არსებობს. იტალიის სამხრეთით, აპულიის რეგიონში, ლეჩეს სურსათის წარმოების მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევრები ექსპერიმენტებს ატარებენ, რათა მედუზა მცენარეების სასუქად გამოიყენონ.
მათ დაიწყეს მედუზების გაყინვა, რომლებსაც შემდეგ ვაკუუმში აშრობენ, რათა ფხვნილად აქციონ. მარილის გარდა, ეს ფხვნილი შეიცავს ძვირფას ამინომჟავებს, მინერალებსა და სხვა ნუტრიენტებს, რომლებსაც მედუზა შეიცავს და რომლებსაც მცენარე სიამოვნებით შეიწოვს. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ მცენარე გაცილებით უკეთ ხარობს მედუზის სასუქით, ვიდრე მხოლოდ მარილის შემცველი ნივთიერებით.
სტეფანია დე დომენიკო, CNR-ISPA-ის (სურსათის წარმოების მეცნიერების ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის) ფუნქციური სურსათის მკვლევარი:
“აშკარად იგრძნობა სხვაობა ამ ორ მცენარეს შორის. ერთი უკეთ არის გახარებული, ვიდრე მეორე ნიმუში, რომელიც იმავე რაოდენობის მარილს შეიცავს, მაგრამ უფრო ცუდ გარემოშია და ამიტომ უფრო გამომშრალია“.
მედუზა შესაძლოა სამკურნალოდაც გამოდგეს. მართალია, მეცნიერები ჯერ კვლევის ადრეულ ეტაპზე არიან, მაგრამ მედუზაში უკვე აღმოაჩინეს ბიოაქტიური ნაერთები, რომლებსაც ექსპერიმენტულ პირობებში შეუძლიათ მკერდის კიბოს უჯრედების განადგურება.
„ამ მედუზის ექსტრაქტს ადამიანის უჯრედის გამრავლების შეჩერება შეუძლია. ჩვენი დაკვირვებით, ისინი ამცირებენ კიბოს უჯრედების გამრავლებას ისე, რომ ჯანსაღ უჯრედებს არ ეხებიან,“ – ამბობს ანტონელა ლეონე, CNR-ISPA-ის (სურსათის წარმოების მეცნიერების ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის) უფროსი მკვლევარი.
და რადგანაც მედუზა ხშირად მოჰყვება სათევზაო ბადეს, რატომ არ შეიძლება მისი ჭამა? აზიაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ლეჩეში მდებარე ეს რესტორანი იმ ევროპულ პროექტშია ჩართული, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად ვარგისია მედუზა საკვებად. შეფმზარეული ფაბიანო ვივა დარწმუნებულია, რომ ზღვის პროდუქტების მოყვარულები სიამოვნებით მიირთმევენ მედუზის კერძს, რადგან მას ზღვის მკვეთრი გემო აქვს.
„მედუზა მაინცდამაინც არ უყვართ, რადგან შეუძლია დაგსუსხოს და გავნოს,“ – განმარტავს ფაბიანო ვივა, რესტორან Duo-ს შეფმზარეული.
„ხალხს ჰგონია, რომ მათი ჭამაც არ შეიძლება. მოდი, დავამსხვრიოთ ეს მითი: მედუზის გარკვეული სახეობა სულაც არ არის მავნებელი. პირიქით, ძალიან გემრიელიც კია!“
ფაბიანოს რეცეპტის მიხედვით, მედუზისგან ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრადიციული წვნიანი მზადდება, თუმცა როგორც შეფმზარეული ამბობს, მისი მომზადების კიდევ უამრავი გზა არსებობს.
“ეს მედუზა შეიძლება დავჭრათ და სალათას დავამატოთ. ამისგან, ფაქტობრივად, ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლება – იქნება ეს წვნიანი, როგორც დღეს მოვამზადეთ, თუ შემწვარი მედუზა“.
ანტონელა ლეონეს ხელმძღვანელობით მკვლევრებმა მედუზის დაკონსერვების უსაფრთხო მეთოდიც მოიფიქრეს, რომელიც არ მოითხოვს ალუმინის მარილებს, რომელთაც აზიაში იყენებენ, მაგრამ ევროპაში საშიშ ნივთიერებად თვლიან. მის ნაცვლად მკვლევრები გვთავაზობენ კალციუმის მარილების გამოყენებას, რომლებიც უფრო უსაფრთხოა და მედუზის ტექსტურასაც უკეთ ინახავს.
მეცნიერები შეფმზარეულებთან ერთად მუშაობენ, რათა მედუზის რეცეპტების სამზარეულო წიგნი გამოსცენ. თუმცა სანამ მედუზას საზოგადოებას შესთავაზებენ, მანამდე ეს პროდუქტი ოფიციალურად უნდა აღიარონ, როგორც საკვებად ვარგისი.
„საჭიროა ევროპის სურსათის უსაფრთხოების სამსახურის ავტორიზაცია გავიაროთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომხმარებელს უსაფრთხო პროდუქტს ვთავაზობთ,“ – ამბობს ანტონელა ლეონე. „გარდა ამისა, ზედმიწევნით უნდა შევისწავლოთ მთელი პროცესი, დაწყებული მედუზის დაჭერით და დამთავრებული კერძის მომზადებით, რათა ვიცოდეთ, რომ ის უსაფრთხოა და მდგრადი“.
მდგრადობა მთავარი ფაქტორია
სანამ მედუზა დიდი სისწრაფით მრავლდება ხმელთაშუა თუ სხვა ზღვაში, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მედუზაზე ფართომასშტაბიანი თევზაობა არ შეიძლება.
ჩვენ დოქტორ ლეონეს გავყევით ნიმუშების ასაღებად ტარანტოს ყურეში, სადაც ულამაზესი კასრისებრი მედუზა ბინადრობს.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ კარგად ამ ჟელესებრ არსებებსა და მათი ცხოვრების უნიკალურ ციკლს. მათზე დაკვირვება და ნიმუშების აღება პლანეტის ყველა ზღვაში მიმდინარეობს.
მედუზისგან მიღებული ნებისმიერი შენაერთი, რომელიც შესაძლოა მრეწველობაში გამოდგეს, შესაძლებელია სინთეზის გზით მიიღონ ან მედუზების საშენში აწარმოონ – ეს ბევრად უფრო მდგრადი მეთოდია.
ოკეანეში მედუზის ჭარბად ჭერა მანამ, სანამ სრულყოფილად შევისწავლით ამ სახეობას, შესაძლოა ცუდად დასრულდეს და ზღვის ეკოსისტემას სიკეთის ნაცვლად ზიანი მივაყენოთ.
“იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ ორგანიზმების სიღრმისეულ შესწავლას ბუნებრივ გარემოში. თუკი შესაძლებელია, რომ ადამიანის სასიკეთოდ გამოვიყენოთ რომელიმე შენაერთი, ეს უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მდგრადი გზით“, – განმარტავს ანტონელა ლეონე, CNR-ISPA-ის (სურსათის წარმოების მეცნიერების ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის) უფროსი მკვლევარი.
ზღვის ეკოსისტემის დაცვის საუკეთესო გზა ის იქნება, რომ მივხედოთ მისი პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ჭარბი თევზჭერა. მედუზა 500 მილიონი წელია ზღვის ეკოსისტემის შვილია და თუკი მისი სიმრავლე ზღვარს არ გადასცდება, ეს ორგანიზმი არასოდეს დაარღვევს ოკეანის ჰარმონიას.
ავტორი: დენის ლოქტიე