მთავარიმსოფლიო„ყველას ამბავი ასეთია” - რუსეთიდან გათავისუფლებულები პატიმრობისა და გაცვლის შესახებ

„ყველას ამბავი ასეთია” – რუსეთიდან გათავისუფლებულები პატიმრობისა და გაცვლის შესახებ

„FSB-ს სპეცრაზმის წარმომადგენელმა, რომელიც თან მახლდა, განშორებისას სიტყვა-სიტყვით მითხრა: შეგიძლია ისევე დაბრუნდე რუსეთში, როგორც ნავალნი. ნავალნივით დაგაპატიმრებენ და ცხოვრებასაც მასავით დაასრულებ”, – ამ ამბავს ილია იაშინი ჰყვება, რუსი პოლიტიკოსი და პოლიტპატიმარი, რომელიც კრემლის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის კრიტიკის გამო სასჯელს სმოლენსკის ოლქის კოლონიაში იხდიდა. იგი 1-ელ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის გაცვლილ პატიმართაგან ერთ-ერთია.

„ის, რაც პირველ აგვისტოს მოხდა, გაცვლად არ მიმაჩნია. ამას რუსეთიდან უკანონო დეპორტაციად აღვიქვამ. ყველაზე მეტად ახლა სახლში წასვლა მინდა. ჩემი პირველი სურვილი სწორედ რუსეთში დაბრუნება იყო. იმის გაანალიზება, რომ ჩემი თავისუფლება მკვლელის გათავისუფლების სანაცვლოდ მოხდა, ძალიან რთულია. და ის, რომ სხვები კვლავ გისოსებს მიღმა რჩებიან, რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთია”, – ამბობს ილია იაშინი.

გაცვლილ პატიმრებს შორისაა ვლადიმირ კარა-მურზაც, პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წლის ივლისში დეზინფორმაციის გავრცელების, არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო ღალატისთვის სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კარა-მურზა, ისევე, როგორც ილია იაშინი, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოელ აგენტადაა აღიარებული. 2015 და 2017 წლებში იგი მოულოდნელად დაავადდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამას რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ მის მოწამვლას უკავშირებდა.

„არ შემიძლია ალექსეი ნავალნიზე არ ვიფიქრო. არ ვიფიქრო იმაზე, რომ პროცესები უფრო სწრაფად რომ წარმართულიყო და გერმანიის მთავრობას პატიმრების გაცვლისთვის ნაკლები წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირვებოდა, შეიძლება ალექსეი ჩვენთან ერთად ყოფილიყო.

ერთი კვირის წინ ციმბირში სამარტოო საკანში ვიყავი. იმ ღამით, როცა საკნიდან მოსკოვში წამოსაყვანად გამომიყვანეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიკვდილით დამსჯიდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის მთავარი საფიქრალი ის ნამდვილად არ ყოფილა, თუ რა მოხდება მომავალში. ერთადერთი, რაზეც ახლა მეფიქრება ისაა, რომ ხვალ, პირველად 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ ჩემს მეუღლესა და სამ შვილს ვნახავ”, – ამბობს ვლადიმერ კარა-მურზა.

კარა-მურზამ ციხეში ორი წელი და ოთხი თვე გაატარა: „ციხიდან მეუღლეს ერთხელ, სამ შვილს კი ორჯერ ვესაუბრე – სამი სატელეფონო ზარი 2 წელზე დიდი ხნის გამავლობაში. ეს რუსეთში ფართოდ გავრცელებული სიტუაციაა. გუშინ ანდრეი პივოვაროვს ველაპარაკე. ორი წლის განმავლობაში პირველად შევხვდით. ვკითხე, რამდენჯერ ესაუბრა შვილს ციხიდან. მიპასუხა, რომ ოთხჯერ. ყველას ამბავი ასეთია. ისინი მარტო ჩვენ არ გვებრძვიან. ებრძვიან ჩვენს ოჯახებსაც და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ.

რუსეთის ციხეში სულ მცირე ასობით ადამიანი რჩება პოლიტიკური შეხედულებების გამო. პოლიტპატიმრების სია სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და როგორც ყველა ჩვენგანი, ეწინააღმდეგებიან სასტიკ, კრიმინალურ, აგრესიულ ომს, რომელიც პუტინის რეჟიმმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა. რუსეთში უამრავი ადამიანია, ვინც ამ ომს ეწინააღმდეგება. არ დაიჯეროთ ტყუილები, რომლებსაც კრემლის პროპაგანდა ავრცელებს”.

გაცვლილ პატიმრებს შორის არიან Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, გაუქმებული პროდემოკრატიული მოძრაობის, „ღია რუსეთის“, აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი და ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი კოორდინატორი ქსენია ფადაევაც. ეს გაცვლა რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის ცივი ომის დასრულების შემდეგ პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლის პროცესია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend