საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 5 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
აშშ-ის მიერ შეწყვეტილი დახმარება, ტექნიკური მთავრობა, საპარლამენტო არჩევნები, სასამართლო სისტემა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა, ეს იყო საქართველოს საგარეო კურსი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მკაცრი განცხადებები გასაკვირი არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება არ ესმის.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებთან დაკავშირებით „ევრონიუს ჯორჯიას“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე და ახლა პარტნიორების მხრიდან პროცესი დროებით არის შეჩერებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელსაც გავლილი აქვს ძალიან დიდი გზა.
გარდა საქართველოს საგარეო კურსისა, მან ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე და თქვა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს, რომ აღიარებს რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას. მისი თქმით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება. სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის.
„რეალურად, გაყალბებების მცდელობები მანამდე ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ხდება. დაიხვეწა გაყალბების ფორმები, მოსყიდვას აქვს უფრო საქმე. ჩვენ ვიცით არაერთი პროგრამა, რომელიც ახლა გამოცხადდა, ასევე რამდენიმე თვის წინ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ყოვლად შემძლეობას, რომ აი გააყალბებენ და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება. როდესაც საზოგადოებას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ რომც არ მოგწონდეს დიდად არცერთი პარტია, იცოდეთ რომ ერთი წლით არიან და მაინც მიეცით ხმა. ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ და გამოვლენ ამ არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ეს არის ბოლო შანსი. ბევრისგან მომისმენია, ამბობენ, თუ არა ახლა, მაშინ მივდივარ ქვეყნიდან. მათთვის მართლა ღიაა მსოფლიო და პერსპექტივები ყველგან არის, გარდა ამ ქვეყანაში მათთვის დღეს. გასაგებია, არ მივესალმები ამას და ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა. შეიძლება ესეც ხელისუფლების გათვლაა… ვისაც გონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ყალბი პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის, რომელიც გაედინება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა „ქართული ქარტიის“ შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ საქართველო კვლავ მივიდეს ევროკავშირის კართან და ქვეყანას გაუხსნან მოლაპარაკებები.
მისივე განმარტებით, ეს ასევე ნიშნავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომელსაც მან ვეტო დაადო და დაადო იმიტომ, რომ, მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ასევე თქვა, რომ ქვეყანაში კორუფციის ნიშნული გაათმაგებულია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გეგმავს, რომ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში „ქართული ქარტია“ ბრიუსელში ჩაიტანოს.