მთავარიგადაცემებითვითმხილველიპარიზი 2024-ის შუქჩრდილები

პარიზი 2024-ის შუქჩრდილები

ოლიმპიადა 2024-ის მთავარი მარგალიტი პარიზია. საფრანგეთში სურთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე მდგრადი ოლიმპიური თამაშების რეპუტაციით შევიდეს და, შესაბამისად, ოლიმპიადის მასპინძლობის ახალ მოდელს ქმნიან, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს მომავალი ოლიმპიადებისთვის.

ისმის კითხვა, მაინც რამდენად შესაძლებელია, რომ ამ იდეას ხორცი შეასხან და რის ფასად? ევრონიუსის კორესპონდენტი მონიკა პინა პარიზში ჩავიდა, რათა ამ კაშკაშა საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩრდილოვანი მხარეებიც ენახა და საზოგადოების ყურამდე მიეტანა.

ოლიმპიადა 2024-ის ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, პარიზი დგას. საფრანგეთში სურთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე მდგრადი ღონისძიების სახელით შევიდეს. აქვთ ამბიცია, რომ ოლიმპიადასთან დაკავშირებული მავნე გამონაბოლქვი გაანახევრონ და ამიტომ სამზადისის დროს სინათლის ქალაქი ფაქტობრივად ღია სამშენებლო მოედნად გადააქციეს – ხარაჩოებით დაფარულ მოედნად. ზოგი ამბობს, რომ სწორედ ასე იდგმება მსოფლიო დონის სანახაობა იაფად. მაგრამ პარიზი 2024-ის ორგანიზატორებს სურდათ, რომ ოლიმპიური თამაშების ორგანიზების ახალი მოდელი შეექმნათ. გამოუვიდათ კი? ან როგორ გამოუვიდათ?

ოლიმპიადა 2024 იმით არის გამორჩეული, რომ შეჯიბრებათა უმეტესობა პირდაპირ ქალაქის ცენტრში იმართება, პარიზისთვის ყველაზე ძვირფას კულტურის ძეგლებთან ახლოს. რატომ? ნაკლები ახალი ნაგებობა რომ აეშენებინათ, რათა ფულიც დაეზოგათ და გარემოც.

ოლიმპიური ინფრასტრუქტურის 95 პროცენტს უკვე არსებული ან დროებითი ნაგებობები შეადგენს. მაგალითად, გრან პალეს დარბაზები ფარიკაობასა და ტაეკვონდოს მასპინძლობისთვის გამოყვეს.

კონკორდის მოედანი ურბანული სპორტის ცენტრად იქცა.

მდინარე სენა წყლის სპორტისა და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიისთვის გამოიყენეს. ამ ღონისძიების გახსნის ცერემონია პირველად ჩატარდა გარეთ. არსებული ინფრასტრუქტურის ათვისების წყალობით ოლიმპიადის ორგანიზება დაახლოებით 9 მილიარდი ევრო დაჯდა და ოლიმპიადა 2024-ის თამაშები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე იაფ ოლიმპიადად ჩაითვალა. პარიზის მუნიციპალიტეტში ამტკიცებენ, რომ ოლიმპიადას საოცრადი დადებით კვალს დატოვებს.

„ოლიმპიური თამაშები პარიზისთვის ნამდვილი კატალიზატორი გამოდგა”, – განმარტავს პიერ რაბადანი, პარიზის მერის მოადგილე სპორტის მიმართულებით.

„ჩვენ 4-5 წელიწადში ისეთი სამუშაოების დასრულება შევძელით, რომლებსაც ალბათ 10 ან 15 წელი სჭირდებოდა, მაგალითად, განვავითარეთ ველობილიკების ქსელი. მისი წყალობით ბევრ უბანს სახე შევუცვალეთ“.

ოლიმპიადას შეიძლება მავნე შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, ათენი დღემდე იხდის 2004 წლის ზღვარგადასული ამბიციების ფასს. ძვირი სარემონტო სამუშაოები და არაპროპორციულად დიდი ინფრასტრუქტურა სახელდება იმ მიზეზებს შორის, რომლებმაც ათენს უამრავი თავსატეხი გაუჩინა. და საბერძნეთი ერთადერთი მსხვერპლი სულაც არ არის.

ახლა პარიზში მხოლოდ ის უნდათ, რომ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ოლიმპიადა არ ჩაფლავდეს. ამიტომ უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს ისეთ პროექტებში, რომლებიც დროებითი არ არის. მაგალითად, სურთ რომ მდინარე სენაში ცურვა ისევ შეიძლებოდეს.
მილიარდ 400 მილიონი ევრო დაიხარჯა ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც ბევრს დავობენ, რადგან მისი შედეგი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება. წყლის ხარისხი ოლიმპიადის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე გაუმჯობესდა, რის გამოც ეჭვქვეშ იდგა ტრიათლონისა და ღია წყალში ცურვაში შეჯიბრებების ბედი.

პარიზის მერმა ან იდალგომ ოლიმპიადის დაწყებამდე ცხრა დღით ადრე სენაში ჩაყვინთა. მდინარეში ეს სიმბოლური ჩასვლა მან რამდენჯერმე გადადო. სენაში ბანაობა 1923 წლიდან აკრძალულია. მდინარე ხალხისთვის მომავალ წელს გაიხსნება.

უზარმაზარი ინვესტიციები ჩაიდო პარიზის ჩრდილოეთ უბნებშიც. ოლიმპიური სოფელი ერთადერთი ყველაზე დიდი მუდმივი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის გაკეთდა. მას ამაყად წარადგენენ, როგორც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ეკოუბანს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

პარიზის ჩრდილოეთით სენა-სენ-დენის დეპარტამენტი ყველაზე ღარიბი გარეუბანია საფრანგეთში. საფრანგეთის ეროვნულ სტადიონთან 50 ჰექტარზე გაშენებული ეს უბანი მდგრადი არქიტექტურის ნიმუშად ითვლება და როდესაც ოლიმპიადა დასრულდება, მას მოსახლეობას გადასცემენ და ოლიმპიური სოფელი ახალ ექვსიათასკაციან უბნად გადაიქცევა. თუმცა კეთილ სურვილებს რეალობა ამსხვრევს. აქ ბინების გაყიდვა ჭირს. ბინის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 7 ათასი ევროა, რაც ძალიან მაღალია სენა-სენ-დენის უბნისთვის.

სენა-სენ-დენის უბანი თამაშების მთავარი მასპინძელი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ აქ ოლიმპიური სოფელია. საფრანგეთის განახლებული ეროვნული სტადიონიც აქ დგას და სულ ახალთახალი 175 მილიონ ევროდ ღირებული წყლის სპორტის ცენტრიც აქ აშენდა. და მაინც ამ დეპარტამენტში სპორტი ფუფუნებად ითვლება.

სერჟ რიტჩესი – ყოფილი მწვრთნელი და ფიზიკური კულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელი – იმ მოძრაობის სული და გულია, რომელიც სკოლებში სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება და ცდილობს, სპორტი საყოველთაო გახდეს. მისი აზრით, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ვერ მოახერხეს ამ უბნის კეთილმოწყობა სპორტული თვალსაზრისით ისევე სწრაფად, როგორც საფრანგეთის დანარჩენ ტერიტორიაზე.

სერჟ რიტჩესი – Pinna, Monica/

“სპორტდარბაზები ძველია, მათი უმეტესობა სენა-სენ-დენის უბანში 40-50 წლისაა,“ – ამბობს სერჟი. „ჩვენ 10 ათას მოსახლეზე 16 დარბაზი გვაქვს, მაშინ, როცა საშუალოდ პარიზისთვის ეს რიცხვი 25-ია, ხოლო ეროვნულ დონეზე – 50“.

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ამ უბანზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს, მაგრამ ამ უბნის მოსახლეობა ამბობს, რომ აქედან ძალიან ცოტა დაიხარჯა ადგილობრივი სპორტის ინფრასტრუქტურაზე. მათი აზრით, რამდენიმე შენობის განახლება სულაც არ პასუხობს ადგილობრივების მოთხოვნას.

სენა-სენ-დენის სპორტზე მზრუნველი მოძრაობის მშობელთა ფედერაცია FCP 93-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოლიმპიური თამაშების მთავარი მიზანი – სპორტი საყოველთაო გახადეს – ამ უბანში მიზანს ასცდა.

ალიქს რივიერი, მშობელთა ფედერაცია FCP 93-ის წარმომადგენელი:

„ჩვენ ეს ზეიმი, ცოტა არ იყოს, ჩაგვშხამდა. როგორც მშობლებმა ვიცით, ჩვენს შვილებს ნახევარი საათი სჭირდებათ სკოლაში მისასვლელად და ნახევარი – უკან დასაბრუნებლად. ასე რომ, სპორტისთვის განკუთვნილი 2 საათიდან ისინი მხოლოდ ერთ საათს იყენებენ მიზნობრივად. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ინგლისური ან ფრანგული ენის საკლასო ოთახი რომ 20 წუთის სავალზე იყოს კოლეჯიდან ან ლიცეუმიდან. სპორტდარბაზიც იგივე საკლასო ოთახია“.

ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განახლებული და ახალი სპორტული მოედნები და დარბაზები ჯერ კიდევ იშვიათობაა და არათანაბრად არის გადანაწილებული. ისინი საჯარო ინვესტიციების გეგმას წლებია ითხოვენ.

გარეუბნებში ისეთი განცდა აქვთ, რომ შესაძლებლობა ხელიდან გააშვებინეს და უსამართლოდ მოექცნენ. რაც შეეხება პარიზის ცენტრს, ყველაფერი ოლიმპიადაზე მიუთითებს. იგრძნობა როგორც აღფრთოვანება, ისე აღშფოთება მსოფლიო დონის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქი თავდაყირა დააყენა.

„ბუკინისტებმა“, მდინარე სენის სანაპიროზე ჩამწკრივებული წიგნის დახლების გამყიდველებმა, შეძლეს თავიანთი ისტორიული მწვანე ჯიხურების შენარჩუნება. საფრანგეთის მთავრობამ უსაფრთხოების მოტივით მათ სხვა ადგილზე გადასვლა მოსთხოვა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე.

„ჩვენი აზრით, სრული სისულელე იყო ჩვენი გადაყვანა. ჩვენი ზოგიერთი ჯიხური ასი წლისაა. და თუ მას ადგილიდან დაძრავ, მისი საქმე ძალიან ცუდად წავა“, – განმარტავს მიშელ ბუეტარი, ბუკინისტთა ასოციაციის გენერალური მდივანი. “მოდი, ასე ვთქვათ, საქმე, ცოტა არ იყოს, გაგვირთულდება. ვეღარ შევძლებთ აქ მანქანით შემოსვლას. ამიტომ დახლსაც ვეღარ შევავსებთ. ჩემი აზრით, სპორტული ღონისძიება ქალაქში არ უნდა ტარდებოდეს. სულ ცოტა რამ აზიანებს საქმეს“.

ოლიმპიადა 2024-ის მთავარი საფიქრალი ტერორიზმის საფრთხეა.
შარშან, დეკემბერში, გერმანელ ტურისტს ეიფელის კოშკთან დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვინმე რადიკალმა ისლამისტმა. ამ თავდასხმამ კიდევ უფრო გაამწვავა ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში.

იანვრიდან მოყოლებული სულ მცირე ორი ტერორისტული აქტი აღკვეთეს. პოლიციის უფროსმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ „ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით არავითარი მკაფიო საფრთხე არ იკვეთება.“ და მაინც, ოლიმპიადამ მთელი საფრანგეთი სიფრთხილის ყველაზე მაღალ საფეხურზე დააყენა.

საფრანგეთი ყოველდღე უშიშროების 45 ათას თანამშრომელსა და 15 ათას სამხედროს გამოიყვანს. ეს გიგანტური უსაფრთხოების მანქანა, რომელიც, გარკვეულწილად, მაინც გააკრიტიკეს, დაიცავს სპორტულ ღონისძიებას, რომელსაც დაახლოებით 15 მილიონი გულშემატკივარი დაესწრება.

ოლიმპიადასთან დაკავშირებული ლოგისტიკა სადავო გახდა გაჭიანურებული სამუშაოებისა და სოციალური დაპირისპირების გამო. მთავრობამ თორმეტი უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის რევიზია ჩაატარა, რათა იქ განეთავსებინა უსაფრთხოების დამცველი პერსონალი, საჯარო მოსამსახურეები და ოლიმპიადისთვის მომუშავე მოხალისე მუშახელი. მე დიდი პარიზის ადმინისტრაციულ ერთეულში წავედი, ეს ყველაფერი რომ მენახა.

მომავალი არქიტექტორი და სტუდენტური ასოციაცია RESCROUS-ის თანადამფუძნებელი ონორე ჟეტასი, იმ 200 ბინადარს შორის არის, რომლებმაც ეს შენობა უნდა დატოვონ. როდესაც მე მივედი, მათ შენობაში ყოფნის მხოლოდ ორი დღე ჰქონდათ დარჩენილი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია CROUS-ი პარიზის ამ ნაწილში 22 ათას ბინას განკარგავს, აქედან 3 ათასი ივნისის ბოლოს უნდა დაცლილიყო.

ონორე ჟეტასი, სტუდენტური ასოციაცია RESCROUS-ის თანადამფუძნებელი:

„ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა, ამ ბინაში 5 წელი ვიყავი და საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი. ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ მთავრობამ მიგვატოვა. სტუდენტებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ორჯერ მოგვიწევს სახლში წასვლა და დაბრუნება, თანაც ყველაზე რთულ პერიოდში, როგორიცაა წლის დასაწყისი და გამოცდები. ეს ამბავი მოულოდნელად დაგვატყდა თავს“.

განთავსებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ CROUS-მა საბოლოო ჯამში თითქმის ათასი სტუდენტი გადაიყვანა სხვა ბინაში, დანარჩენმა ორი ათასმა სტუდენტმა, რომლებმაც ოთახები დაკარგეს, ზაფხულში პარიზიდან წასვლა გადაწყვიტეს. სტუდენტებს კომპენსაციის სახით 100 ევრო გადაუხადეს და ოლიმპიადაზე დასწრების ორი ბილეთი მისცეს. სტუდენტური პროფკავშირების უმეტესობა ამ ინიციატივისა და კომპენსაციის ფორმის გამო აჯანყდა.

ესთერი, სტუდენტური პროფკავშირის SOLIDAIRES-ის წარმომადგენელი:

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ სოციალური განსახლება და აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობები კომერციული მიზნით გამოიყენონ. ჩვენი აზრით, თუკი ამ ფართს სტუდენტები აღარ დაიკავებენ, ის შესაძლებელია უსახლკაროებს ან სხვა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს დაეთმოთ“.

ოლიმპიური თამაშები საყოველთაოა, მაგრამ ბევრი გმობს იმ ნაპრალს, რომელიც რეკლამასა და რეალობას შორის არსებობს. თამაშების ორგანიზატორები მას „ბოლომდე გახსნილსა“ და „საყოველთაოს“ უწოდებენ. მაგრამ კოლექტივი, რომლის სახელიცაა „მედლის მეორე მხარე“ (LE REVERS DE LA MÉDAILLE COLLECTIVE), ამას არ ეთანხმება. ეს სახელი აერთიანებს ასამდე ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ბრალს სდებენ ორგანიზატორებს, რომ მათ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებამდე „მთელი წლის განმავლობაში სოციალური წმენდა“ მოაწყვეს.

ალისი, ასოციაცია UTOPIA 56-ის წარმომადგენელი:

„ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად – ბოლო თვეებსა და მთელი გასული წლის განმავლობაშიც – მომსწრე ვიყავით, თუ რა სასწრაფოდ ყრიდნენ ხალხს პარიზიდან, განსაკუთრებით იმატა ბანაკებიდან გასახლებამ. მთავარი იყო, ეს ხალხი პარიზიდან მოეცილებინათ ოლიმპიადის დროს, მერე კი მიხედავდნენ და რეგიონებში გაუშვებდნენ, რაც არც მისაღებია და არც მდგრადობის პრინციპს შეესაბამება“.

რაც უფრო ახლოვდებოდა ოლიმპიადა, მით უფრო სწრაფად წმენდდნენ ქალაქს უნებართვოდ შესახლებულებისგან, მიგრანტთა ბანაკებისა და უსახლკაროებისაგან. მათ საფრანგეთის სხვა რეგიონებში გადასვლას სთავაზობდნენ.

საქველმოქმედო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს ხალხი თვალს ისე მოაცილეს, რომ მათთვის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება არ შეუთავაზებიათ.
პარიზში სულ მცირე 800 უპატრონო არასრულწლოვანია. ოლიმპიადამ მათი საკითხიც ამოატივტივა. იმ მოზარდებს, რომლებსაც ამ კულტურის ცენტრში თვეების განმავლობაში იატაკზე ეძინათ, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა მათთვის მუდმივი თავშესაფარი და განათლება მიეცათ. დრო გადიოდა და შენობა უნდა დაცლილიყო, რათა აქ ოლიმპიადის დროს იაპონიის კულტურული ინსტალაციები დადგმულიყო.
გასახლების დღე ბოლოს და ბოლოს ივლისის დასაწყისში დადგა.

„თვეების განმავლობაში ერთადერთი, რისი გაკეთებაც პრეფექტურას ქალაქის მერიასთან ერთად სურდა, იყო ის, რომ გაესახლებინათ ყველა, ვინც არ უნდოდათ ოლიმპიადის დროს თვალში მოხვედროდათ,“ – ამბობს მატიე პასტორი, 20ÈME SOLIDAIRE RESIDENTS’ ASSOCIATION-ის წარმომადგენელი. „იქნებოდა ეს უპატრონო მცირეწლოვნები თუ ნებისმიერი, ვინც ქუჩაშია და ერთადერთი, რასაც სთავაზობდნენ ამ ხალხს, იყო ავტობუსებით გადაყვანა ორლეანში, ანჟესა და მარსელში. რაკი პარიზში ცხოვრობს ეს ხალხი, ესე იგი აქ სურთ დარჩენა, სადაც მეგობრები ჰყავთ, სადაც იციან, თუ როგორ გაიტანონ თავი“.

სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ეს მცირეწლოვნები პარიზში ერთ სპორტდარბაზში გადაიყვანეს მუნიციპალიტეტის დახმარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი მცირეწლოვნების რიცხვი სულ 700-ია, ეს დროებითი გამოსავალი სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

მატიე პასტორი: „ყოველდღე რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას ამ ქალაქში უარს ეუბნებიან არასრულწლოვანის სტატუსის მინიჭებაზე. იმიტომ, რომ თუკი სტატუსი არ ექნებათ, ესე იგი არც მათზე ზრუნვაა საჭირო. მერია უარს ამბობს ამ საკითხის მოგვარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მემარცხენეა, რომელიც უზარმაზარ ფინანსებსა და ასობით ათას ცარიელ სახლს განკარგავს, რომელთა გასხვისებაც შესაძლებელია, მაგრამ არაფერს აკეთებს“.

“მთავარი პრობლემა ოლიმპიადა კი არ არის, არამედ ის, რომ უამრავ ხალხს დასაძინებელი ადგილი არა აქვს და ჩვენ მათ ეს პრობლემა უნდა მოვუგვაროთ,“ – განმარტავს პიერ რაბადანი, პარიზის მერის მოადგილე სპორტის მიმართულებით. „მერია ცდილობს ამ საკითხის გადაჭრას იმით, რომ მათთვის გარკვეული რაოდენობის საცხოვრებელი ფართი გამონახოს. მაგრამ როდესაც ასეთ ფართს იპოვი, ის ხელმისაწვდომიც უნდა იყოს, ამიტომ ასოციაციებს ფული უნდა გადაუხადო, რომ ხალხი შეასახლონ და ეს ინვესტიციაა“.

რამდენად შეძლებს საფრანგეთი, შექმნას ახალი მოდელი მომავალი ოლიმპიადებისთვის? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ ოლიმპიური მედლების გაცემის შემდეგ გავიგებთ. კამათის დრო აღარ არის. ოლიმპიური ჩირაღდანი უკვე სპორტსმენებს უპყრიათ ხელთ, ხოლო ოლიმპიური მანქანა „ლოს-ანჯელეს 2028-ისკენ“ მიექანება.

ავტორი: მონიკა პინა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend