„ბუჩის ჯადოქრები“- ასე ჰქვია მოხალისე ქალთა ჯგუფს, რომელიც ომისთვის ემზადება. მათ ტყვიამფრქვევის გამოყენებასა და შაჰედის დრონების ჩამოგდებას ასწავლიან. ქალები მოხალისეთა რიგებს ორი თვის წინ შეუერთდნენ. მათი თქმით, უკრაინელი კაცები რთულ ვითარებაში არიან და ომის ცხელ წერტილებში იბრძვიან, სწორედ ამიტომ საჭიროდ მიაჩნიათ მათ გარკვეული სახის დახმარება გაუწიონ. მათი ხელმძღვანელის თქმით, ამ ქალებს ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებთ – დაიცვან საყვარელი ადამიანები.
„ჩვენს ქვეყანაში ომი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ დროში ჩვენ გავიაზრეთ, რომ ომში მხოლოდ კაცები არ უნდა იბრძოდნენ. სამხედრო პროფესია ქალებსაც უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ჩვენს კაცებს დავეხმაროთ, რადგან ახლა ისინი ყველაზე რთულ ადგილებში იბრძვიან. ეს ომი ჩვენ გარეშე არ დამთავრდება. ყველა ქვეყანა გვეხმარება, მთელი ევროპა ჩვენთანაა, ჩვენც მათ ვაჩვენებთ, რომ ჩვენს მიწას ვიცავთ. დახმარება გვჭირდება. სიმამაცე, ძალა და გამბედაობა არ გვაკლია. მე აღარ მინდა ჩემი შვილი შიშისგან ტიროდეს“, – ამბობს ერთ-ერთი მოხალისე, რომელსაც „ვალკირის” ეძახიან.
წვრთნების ფარგლებში მოხალისე ქალებმა ისწავლეს იარაღის აწყობა, სროლა, ტერიტორიის შემოწმება და ბრძოლის ველზე მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა.
ამ ქალებს ტრაგიკული ისტორიები აერთიანებთ. ყველა მათგანს ომში ოჯახის წევრი დაეღუპა. სწორედ ამ ტრაგედიამ მათ საომარ მოქმედებებში ჩართვის გადაწყვეტილება მიაღებინა.
ზოგიერთი მათგანი მოხალისეებს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.
„აქ მოსულ ქალებს ერთი რამ აქვთ საერთო – მათ საყვარელი ადამიანების დაცვა სურთ. ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ. ისინი არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ ქვეყანასაც იცავენ“, – ამბობს მოხალისე ქალთა ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრი ვერლატი.