მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოულტრამემარჯვენეთა პროტესტი დიდ ბრიტანეთში - 150-მდე დაკავებული და ათობით დაშავებული

ულტრამემარჯვენეთა პროტესტი დიდ ბრიტანეთში – 150-მდე დაკავებული და ათობით დაშავებული

აგვისტოს პირველი უქმე დღეები დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის რთული აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა, ინგლისის სხვადასხვა ქალაქში საპოლიციო ძალებს ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებთან გამკლავება უწევთ. მიგრანტების წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს ესხმიან მეჩეთებს, ასევე თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების სასტუმროებს. რასისტული შეძახილებით მომიტინგეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ქვეყანაში მიგრანტთა მასობრივი შემოდინების წინააღმდეგ. დემონსტრაციები იყო ლონდონშიც.

საპროტესტო აქციები 29 ივლისის მოვლენებს მოჰყვა, როცა დანით შეიარაღებული პირი ბავშვთა ცეკვის კლუბში შეიჭრა და სამი გოგონა მოკლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ რამდენიმე ბავშვი. მალევე სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმია. საუთპორტის პოლიციამ ამ ინფორმაციას „სპეკულაცია“ უწოდა და განმარტა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის პირი უელსის დედაქალაქ კარდიფშია დაბადებული. სამართალდამცველებმა ის თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

30 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიის დასრულების შემდეგ რამდენიმე ასეული მამაკაცი მუსლიმთა სალოცავისკენ გაემართა. მათ მეჩეთს ქვები და ბოთლები დაუშინეს, ხოლო რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ნაციონალისტურად განწყობილი ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები აგრესიას არც სამართალდამცავების მიმართ მალავდნენ და სხვადასხვა საგანი მათი მისამართითაც ისროლეს.

მასობრივ არეულობას მალევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ხელისუფლებაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ქალაქებში მიმდინარე მოვლენები ორგანიზებული ძალადობაა და არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან.

დემონსტრანტები ანტისაიმიგრაციო პროტესტის დროს ამსხვრევენ „ჰოლიდეი ინნ ექსპრესის” შენობის მინებს, ინგლისი, 4 აგვისტო, 2024 წელი Copyright Danny Lawson/PA via AP

„მკაცრად ვგმობ ულტრამემარჯვენეთა იმ ქმედებებს, რომლებიც ამ უქმეებზე ვიხილეთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ვინც მონაწილეობდით ამ ძალადობაში, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებთ პასუხს. პოლიცია დააკავებს დამნაშავეებს. ცალკეული პირების მიმართ გატარდება სპეციალური ღონისძიებები, რასაც მოჰყვება ჯარიმებიც. პირობას ვდებ, თქვენ ინანებთ ამ არეულობაში მონაწილეობას, მათ შორის ისინიც, ვინც ეს ყველაფერი ონლაინ დაგეგმა. ეს არაა პროტესტი. ეს არის ორგანიზებული, ძალადობრივი ქმედება და მისი ადგილი არაა არც ჩვენს ქუჩებსა და არც ონლაინსივრცეში“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საგანგებო ბრიფინგზე.

შეტაკებების მიუხედავად, სამართალდამცავებს დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია, თუმცა დაკავებულია 150-მდე პირი. ძალადობა და ულტრამემარჯვენეთა ნაციონალისტური განწყობები მკაცრად დაგმო გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც.

„ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი ქმედებების სამარცხვინო სცენები სხვადასხვა ქალაქში. არეულობაში მონაწილე პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მძიმე ფასს გადაიხდიან. ვფიქრობ, ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც ბრიტანეთის სახელით საუბრობენ. მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანეთის სახელით საუბრობენ, არიან ისინი, ვინც არეულობის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს ალაგებდა. ჩვენი მხრიდან პოლიციას აქვს სრული მხარდაჭერა“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.

BBC-ის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე დაძაბული ღამე 4 აგვისტოს იყო. პროტესტმა ლივერპული, ბელფასტი, მანჩესტერი და ბრისტოლიც მოიცვა. ულტრამემარჯვენეთა გამოსვლებს ანტიფაშისტური მოძრაობის კონტრაქცია მოჰყვა.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, არეულობისას დაშავდა 39 პოლიციელი, საიდანაც სამედიცინო პუნქტებში გადაყვანა 27-ს დასჭირდა. დაშავებულები არიან მომიტინგეთა მხრიდანაც, თუმცა რამდენი ჯერჯერობით უცნობია.

თითქმის ოთხდღიანი არეულობის შემდეგ საპოლიციო ძალები ბრიტანული ქალაქების დიდ ნაწილში ვითარებას აკონტროლებენ, თუმცა დაძაბულობის ცალკეული კერები ჯერ კიდევ რჩება.

ბოლო დროს რადიკალურად განწყობილი ულტრამემარჯვენე მოძრაობების გამოსვლები დიდი ბრიტანეთის გარდა ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც გახშირდა. მზარდია მათი, როგორც პოლიტიკური ძალების როლიც, რაც ევროპარლამენტისა და საფრანგეთის არჩევნების შედეგებმა აჩვენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend