გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორთვიანი კამპანია დაიწყო. მთავარი გზავნილებია „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლო“.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ბანერები და საინფორმაციო მასალები განთავსდა. საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პასპორტის კონტროლის გავლისას გადაეცემათ მცირე ზომის ფლაერები, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული პარკებისა და ქართული ღვინის შესახებ. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ისაუბრა.