მთავარიმსოფლიოლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი - მილიონობით ლტოლვილის სახელით…

ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი – მილიონობით ლტოლვილის სახელით…

მოკრივე სინდი ნგამბას სახელი ისტორიაში ჩაიწერება. ის ლტოლვილის სტატუსით მოასპარეზე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა. წარმოშობით კამერუნელმა სინდი ნგამბამ 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში ფრანგი მოკრივე დავინა მიშელი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მას ბრინჯაოს მედალი უკვე აქვს, თუმცა ახლა ოქროსთვის აპირებს ბრძოლას, ამისთვის კი 25 წლის პანამელი ათეინა ბილონის დამარცხება მოუწევს.

„ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს, რომ ვარ პირველი ლტოლვილი, რომელმაც მედალი მოიპოვა. მინდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ლტოლვილს ვუთხრა, რომ გააგრძელონ შრომა. მთავარია, საკუთარი თავის სჯეროდეთ“, – თქვა სინდიმ ნახევარფინალში გასვლის შემდეგ.

11 წლის ასაკში ნგამბა საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ჰომოსექსუალობის გამო კამერუნში ვერ ბრუნდებოდა, ამიტომ მას 2021 წელს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებისეულ ქაოსს თავი კრივის მეშვეობით დააღწია, ოლიმპიურ გუნდში კი ახალი სახლი იპოვა.

პარიზის ოლიმპიადაზე ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის მედროშე სწორედ ნგამბა იყო. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ამ გუნდში 37 სპორტსმენია გაერთიანებული და ისინი სპორტის 12 სახეობაში ასპარეზობენ. პირველად ლტოლვილთა გუნდი, რომელშიც მხოლოდ 10 სპორტსმენი შედიოდა, 2016 წლის რიოს თამაშებისთვის შეიქმნა.

„მე მაქვს მისია, რომ ოლიმპიადაზე არა მხოლოდ ერთი ლტოლვილი, არამედ 100 მილიონი ადამიანი წარმოვადგინო. ისინი არიან ის ლტოლვილები, რომელთაც ურთულეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება“, – ამბობს ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრი ჰადი ტირანვალიპური.

„ჩვენ, 37 სპორტსმენი, 120 მილიონი ლტოლვილისთვის გამოვდივართ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვასპარეზობთ იმ ასობით მილიონი უსახლკარო ლტოლვილის სახელით, რომელთაც აღარაფრის იმედი აღარ აქვთ. იმედი გვაქვს, რომ ბევრ რამეს შევცვლით”, – ამბობს ლტოლვილთა ოლიმპიური ნაკრების წევრი საიდ ფაზლულა.

ლტოლვითა გუნდის ჩამოყალიბებისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიზანი იყო, დევნილი სპორტსმენებისა და მიგრანტებისთვის მიეცათ საშუალება ოლიმპიურ თამაშებზე სრულფასოვნად მიეღოთ მონაწილეობა ისე, რომ ეროვნული ფედერაციების დახმარებაც არ დასჭირვებოდათ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ამბობს, რომ ლტოლვილთა გუნდი ინკლუზიის, თანასწორობისა და წარმატების სიმბოლო გახდა.

„ლტოლვილებს, როგორც სხვა ახალგაზრდებს, სურთ იასპარეზონ, მოიპოვონ მედლები და გახდნენ სპორტული საზოგადოების წევრები. ასევე ეს არის ერთგვარი გზა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, სპორტში წარმატების მიღწევით დაიბრუნონ ღირსება და თვითმყოფადობა“, – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.

წელს ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი ყველაზე დიდი შემადგენლობითაა წარმოდგენილი და ეს სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 100 მილიონზე მეტი ლტოლვილის სახელით ასპარეზობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend