მთავარიაზიაისრაელიირანი ისრაელს ღიად ემუქრება

ირანი ისრაელს ღიად ემუქრება

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბა. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანი უახლოეს საათებში ისრაელზე მიიტანს იერიშს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეირანი, თუმცა ცხადია, რომ ირანის ხელისუფლებამ უკვე დაარღვია სტრატეგიული დუმილი.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია თეირანში ახლო მანძილზე მოქმედი ჭურვით მოკლეს. მალევე გავრცელდა ამავე კორპუსის ლიდერის განცხადებაც, რომელშიც იგი ისრაელს ღიად ემუქრებოდა.

ისმაილ ჰანიას პოსტერი ხელში უჭირავთ „ჰამასის” წევრებს, რომლებიც „ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის მკვლელობას აპროტესტებენ, ლიბანი, 31 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Mohammed Zaatari)

„ისრაელმა ცეცხლის ალი შექმნა თავის გარშემო. მათ ეგონათ, რომ თუ ქუჩებში ბირთვულ მეცნიერებს დახოცავდნენ, ამით შეაჩერებდნენ ერს, რომ აღარ მიეღო ბირთვული ენერგია. ესაა ყველაზე ცუდი სტრატეგია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მათ მოკლეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც საკუთარი ხალხისა და სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ბედზე ზრუნავდა. ისინი საკუთარ საფლავებს ითხრიან და თანდათან ამ ჭაობსა და ორმოებში ჩაეფლობიან. როცა ისრაელი მიიღებს მტკიცე პასუხს, მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა. კიდევ ერთხელ მიიღებენ ჩვენს პასუხს. როდის, სად და როგორ… ამას მალე გაიგებენ“, – განაცხადა გენერალმა ჰოსეინ სალამიმ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა.

ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარიც. გზავნილი იგივეა – ისრაელი უნდა დაისაჯოს. თუ როდის და როგორ, ეს ჯერ არავინ იცის.

ამ ფონზე კი აშშ-მ ისრაელის მხარდასაჭერად რეგიონში სამხედრო ძალა გააძლიერა. ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა.. საუბარია სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო საბრძოლო ხომალდზე, სარაკეტო კრეისერებსა და ავიამზიდზე. ასევე გაზრდილია საჰაერო ძალების კომპონენტიც. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ისრაელის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ირანის უზენაესი ლიდერი შურისძიებაზე საუბრობს, ეს სერიოზულად საყურადღებოა.

„ახლა არ ვიცი, რას აპირებენ ან როდის, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ვართ მზად და გვაქვს იმის შესაძლებლობა რეგიონში, რომ დავეხმაროთ ისრაელს, დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი საკუთარი ობიექტები და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ არ გვინდოდა ამ ომის ესკალაცია, გამწვავება. ჩვენ მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მზად ვართ, დავიცვათ ისრაელი მხოლოდ სიტყვებით კი არა, არამედ საქმითაც. როდესაც 13 აპრილს ირანმა 300 რაკეტა და დრონი გაუშვა ისრაელის წინააღმდეგ, აშშ-ს მოიერიშეები ჰყავდა ჰაერში გაგზავნილი, რომ ეს საშუალებები ჩამოეყარა. ახლა ჩვენ დამატებითი საჰაერო და საზღვაო საშუალებები გავგზავნეთ რეგიონში, რომ კვლავ დავიცვათ ისრაელი“, – დასძენს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი.

ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ მობილიზებული არიან. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, შემუშავებულია საგანგებო გაფრთხილების სისტემაც მოსახლეობისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის მზადაა.

„მათი აგრესია დაუოკებელია, მაგრამ ისრაელი არაა უმწეო მდგომარეობაში. გადაწყვეტილი გვაქვს, შევეწინააღმდეგოთ მათ ყველა ფრონტზე, ყველა ადგილას, ახლოსაც და შორსაც. ვინც ჩვენს მოქალაქეებს დახოცავს, ან ქვეყანას ზიანს მიაყენებს, შესაბამის პასუხს აგებს”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

უახლოეს საათებში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს შეხვდება. ისინი ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. აშშ-ს სურს სიტუაციის დეესკალაცია – სწორედ ეს გზავნილი აქვს ვაშინგტონს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend