მთავარისაქართველო„ევროკავშირში გაწევრების პროცესი არის შეჩერებული და არა გაჩერებული” - სალომე ზურაბიშვილი

„ევროკავშირში გაწევრების პროცესი არის შეჩერებული და არა გაჩერებული” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებთან დაკავშირებით „ევრონიუს ჯორჯიას” მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სრულად დამოკიდებულია არჩევნებზე და ახლა პარტნიორების მხრიდან პროცესი დროებით არის შეჩერებული.

„ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ამოცანა. ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე. ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა იმ ძალით, რომ შეასრულონ ქარტია, მიიღონ ეს კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, სიმბოლურად ყველაზე მნიშვნელოვანი „რუსული კანონი“. ამით დაუდასტურონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას.

მე ვიძლევი პირობას, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა.

ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორებისა და არც სხვების მიმართ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროპული ქვეყანაა და გავლილი აქვს ძალიან დიდი გზა, „რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენია. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend