მთავარიაზიაისრაელი„ვამზადებთ პასუხს” - „ჰეზბოლა” და იემენელი ჰუსიტები ისრაელს ემუქრებიან

„ვამზადებთ პასუხს” – „ჰეზბოლა” და იემენელი ჰუსიტები ისრაელს ემუქრებიან

მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდება ახლო აღმოსავლეთში ირანის გადაწყვეტილებებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა პირდაპირ დაადანაშაულა ისრაელი „ჰამასის“ უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციაში, ჯერჯერობით თეირანს კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ირანი ახლა მოკავშირეებს აგროვებს ისრაელის წინააღმდეგ. ბეირუთში „ჰეზბოლას“ ლიდერის, ხოლო ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ იემენელი ჰუსიტებიც. ისინი ღიად საუბრობენ საპასუხო რეაქციაზე.

„ჩვენი პოზიცია ცხადია იერუსალიმთან, ჯიჰადსა და წინააღმდეგობასთან მიმართებაში – ამ დანაშაულზე და ისრაელელი მტრების მიერ ვითარების ესკალაციაზე უნდა იყოს სამხედრო პასუხი. ცხადი და საჯარო პოზიციაა გაცხადებული ისლამური რესპუბლიკისგან, ისევე როგორც სხვა აქტორებისგან და პასუხი მზადდება“, – აცხადებს აბდულ მალეკ ალ ჰუტი, იემენელი ჰუსიტების ლიდერი.

ფუად შუკურის, „ჰეზბოლას” ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაურის დაკრძალვის ცერემონია, ბეირუთი, ლიბანი, 1-ელი აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Hussein Malla

„ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელი შევიდა ახალ ფაზაში, რომელიც განსხვავდება ძველი ვითარებისგან. ის ასევე გამოეხმაურა ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ფუად შუკურის მკვლელობას. შუკურის ლიკვიდაცია ისრაელმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. შუკურს ადანაშაულებდნენ გოლანის სიმაღლის დასახლების დაბომბვაში, რასაც მცირეწლოვანები ემსხვერპლნენ. თუმცა ჰასან ნასრალა ამ ფაქტს უარყოფს. „ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა და დასძინა: „ისრაელელებს შეუძლიათ, გაიხარონ, იცინონ ცოტა ხნით. თუმცა იცოდეთ, რომ ბოლოს ბევრს იტირებთ, ჯერ კიდევ არ იცით, რომელი წითელი ხაზი გადაკვეთეთ, რა აგრესია გამოიწვიეთ, სად მიდიხართ და რას მიაღწევთ. მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველა ფრონტზე ახალ ფაზაში გადავედით, განსხვავებით წინა მდგომარეობისგან, მისი ესკალაცია დამოკიდებულია მტრის მოქმედებებსა და ქცევაზე. ლიბანის მხარდაჭერის ფრონტზე მოქმედება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება. ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ბატონი ფუადის სიკვდილამდე იყო. ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ ამ ყველაფრის მართვასა და აღსრულების პროცესს, ყველაფერი კარგად მიდის. ეს არ იქნება დაკავშირებული ფუადის მკვლელობასთან. ვგულისხმობ, რომ თუკი გაიგებთ, რომ გარკვეულ ობიექტებს, ტანკებს შევუტიეთ, ეს არ იქნება ფუადის მკვლელობის გამო გადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელსაც ჩვენთვის ღირებული ფუადის სიცოცხლე შეეწირა“.

ისრაელის არმია კი კვლავ მობილიზებულია. როდესაც პრესკონფერენციაზე „ცაჰალის” სპიკერს დანიელ ჰაგარის ირანში ჰანიეს მკვლელობაზე დაუსვეს კითხვა, მან აღნიშნა, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის გარდა ისრაელის საჰაერო ძალებს სხვა საჰაერო იერიში არ ჩაუტარებიათ.

ისრაელი კვლავ არ იღებს პასუხისმგებლობას ჰანიეს ლიკვიდაციაზე, თუმცა დანიელ ჰაგარის პასუხი, ფაქტობრივად, ორაზროვანი იყო.

„ისრაელის თავდაცვის ძალები არიან მობილიზებულნი, როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის საჰაერო სივრცეში, ზღვასა და ხმელეთზე. ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მაგალითად, თავდასხმისთვის, რომელიც მათგან უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. ჩვენ შევუტიეთ ლიბანს და გავანადგურეთ ფუად შუკური საჰაერო იერიშის შედეგად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ ყოფილა რაიმე სხვა დამატებითი საჰაერო იერიში. არც რაკეტა და არც უპილოტო საფრენი აპარატი იმ ღამეს არ გაგვიშვია მთელ ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ, ისრაელის არმიის სპიკერმა.

მართალია, ისრაელი თეირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობას არ ადასტურებს, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობას პირობა ჰქონდა დადებული, რომ მოკლავდა ისმაილ ჰანიესა და „ჰამასის“ სხვა ლიდერებსაც, რომლებსაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ედებოდათ ბრალი. სწორედ ამ თავდასხმას მოჰყვა ომი ღაზის სექტორში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend