მთავარიმსოფლიო„ეფესბეს” თანამშრომელი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა

„ეფესბეს” თანამშრომელი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, გათავისუფლებულ პატიმრებს შორისაა

დახურულ კარს მიღმა ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. დასავლეთსა და რუსეთს შორის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაცვლა შედგა. კრემლის მიერ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული 16 მოქალაქე უკვე საკუთარ ქვეყანაშია. მათ შორის არიან: ჟურნალისტები ალსუ კურმაშევა და ევან გერშკოვიჩი, ასევე აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ უილანი. ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე, ბორტზე მყოფ ტყვეებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დახვდნენ.

ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დედას ეხუტება, აშშ, 1-ელი აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Manuel Balce Ceneta

„ჩემთვის ამ ამბავს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვინ ვართ როგორც ქვეყანა. ნამდვილად საუბარია პირად ურთიერთობებზე, ოჯახზე. საუბარია იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რომლებიც გიყვართ და ძვირფასია თქვენთვის. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს თუ უსამართლო ტყვეობაში იქნებოდით? რამდენ თქვენგანს ჰყავს ბავშვები? აიწიეთ ხელი. წარმოიდგინეთ, რომ ციხეში გაგიშვეს. არ იცით, დაბრუნდებით თუ არა შინ, ფიქრობთ, როგორ არიან თქვენი ბავშვები, როგორ არიან ღამით. ეს ყოველდღიური ტკივილია და ის ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, აშშ, 1-ელი აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Alex Brandon

16 მოქალაქის სანაცვლოდ შინ დაბრუნებულ 8 ტყვეს დახვდნენ „ვნუკოვოს“ სამთავრობო აეროდრომზეც. პატიმართა გაცვლისას სატრანზიტო როლი ანკარის აეროპორტმა შეასრულა. სახელმწიფო მაუწყებლების კამერების თანხლებით ვლადიმერ პუტინი გათავისუფლებულებს სახელმწიფო სტრუქტურებში დანიშვნასა და სამთავრობო ჯილდოებს დაჰპირდა.

მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ტყვეთა საკითხზე დასავლეთთან მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს ვაშინგტონი. სამომავლო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.

„ბევრი არ ელოდა ამ ამბავს და ამ დრომდე ემოციებითაა სავსე პატიმრობიდან მოულოდნელი გათავისუფლების გამო. ბევრს საკუთარი ჯანმრთელობის შიში ჰქონდა, ზოგს საკუთარი სიცოცხლისაც კი. ეს ყველამ უნდა გავიაზროთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უზრუნველვყავით მათი უსაფრთხოება აქ და ახლა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

„ჩვენი გზავნილი მარტივია. დღეს შესანიშნავი დღეა, მაგრამ სამუშაო ამით არ სრულდება. გვახსოვდეს, რომ არიან ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონო დევნილობასა და ტყვეობაში არიან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნება მომეცით გითხრათ, ეს მთავრობა, ეს ადმინისტრაცია არ აპირებს გაჩერებას და დღედაღამ დაუღალავ იმუშავებს მათ დასაბრუნებლად“, – ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა.

ბერლინი საუკუნის შეთანხმებად წოდებულ ტყვეთა გაცვლაში აქტიურად იყო ჩაბმული, საიდანაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი გათავისუფლდა. DW-ს ცნობით, შეწყალებულ პირთა სიაში კრასიკოვის ყოფნაზე საქართველოს მოქალაქისა და ეთნიკურად ქისტის ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულიც მიიღებს, რომელსაც გერმანულმა სასამართლომ მანამდე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

„აქამდე ადვოკატები გვამშვიდებდნენ, თუ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ეს შეუძლებელია, სულ მცირე, ვადის ნახევარი მან უნდა გაატაროს აქ, ქვეყანაში. ადამიანი მკვლელია. როცა და სადაც არ უნდა იყოს ის გათავისუფლებული, ნაკლებად სავარაუდოა, მან ღირსეულად და სამართლიანად იცხოვროს. არ ვწუხვართ, რომ სხვების სიცოცხლე გადარჩენილია. მაინტერესებს, რატომ არ ეკითხებიან ოჯახს? თითქოს, ოჯახი არაა, ან ეს ტრავმა მას არ მიაყენეს“, – ამბობს ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივი მანანა ცატიევა.

ტყვეობიდან გათავისუფლებულ 16 პირს საერთო მხოლოდ ერთი აქვს – წინააღმდეგობა კრემლის მმართველობასთან. პოლიტპატიმართა სიიდან საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევან გერშკოვიჩია. Wall Street Journal-ის რეპორტიორს 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა. ამ ბრალდებით ის საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ პირველი უცხოელი გახდა.

თავისუფალია პუტინის რეჟიმისადმი განსაკუთრებული კრიტიკით განწყობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა. კრემლის სასამართლოს მტკიცებით, არიზონის წარმომადგენელთა პალატის წევრების წინაშე გამოსვლისას პოლიტიკოსმა რუსი სამხედროები უკრაინის საცხოვრებელი უბნებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში დაადანაშაულა. რუსეთის კანონმდებლობით ეს ქმედება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. ამის გამო კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პირველ აგვისტოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის საპატიმროში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნია გამოეხმაურა და ფაქტს „დიდი ბედნიერება“ უწოდა.

ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ გარიგებას ანალიტიკოსები კრემლის გამარჯვებად აღიქვამენ. მათი შეფასებით, დასავლურ და რუსულ მთავრობებს შორის მიღწეულ შეთანხმებას შეუძლია უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკური სურათი შეცვალოს.

„გათავისუფლებული ოპოზიციონერები არანაირ დამატებით საფრთხეს არ წარმოადგენენ კრემლისთვის. ამ შეთანხმებით კრემლი იგებს. რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს, რომ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმება. რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი მართალია, როცა ამბობს, რომ ამ მცირე გარიგებას, შესაძლოა, მოჰყვეს ომთან დაკავშირებული უფრო დიდი შეთანხმებები. თუ მხარეებმა მოახერხეს შეთანხმება ამ საკითხზე, არაა გამორიცხული შეთანხმება სხვა საკითხებზეც. რუსულმა მხარემ ადეკვატურობა აჩვენა, რაც იმედის მომცემია“, – ასე აფასებს ანალიტიკოსი აბას გალიამოვი, რუსეთისა და დასავლეთის შეთანხმებას პატიმრების საკითხთან დაკავშირებით.

ისტორიულად შეფასებული შეთანხმების მიუხედავად რუსეთის საპატიმროებში ჯერ კიდევ ბევრი ისეთი პირია, რომელსაც დასავლური ქვეყნები უკანონო მძევლებად მიიჩნევენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ფაქტორია მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ზრდისა და დამატებითი უთანხმოების მიზეზი. მათივე შეფასებით, რუსეთი მომავალშიც ეცდება პოლიტპატიმრებით ვაჭრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend