მთავარისაქართველოსაუკუნის პროექტის საკითხი - ანაკლიის პორტს ბელგიური კომპანია ააშენებს

საუკუნის პროექტის საკითხი – ანაკლიის პორტს ბელგიური კომპანია ააშენებს

საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი გადაწყდა, საქმეს ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ ჩაიბარებს.

შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე მეორე ხელისუფლების პირობებშია დაყოვნებული.

მრავალწლიანი დაპირების, ჩაშლილი ტენდერებისა და წარმოდგენილი გეგმების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2024 წლის პირველ აგვისტოს საბოლოო ტენდერში გამარჯვებული გამოაცხადა.

„ჩვენ აგვისტოს თვის განმავლობაში კომპანიასთან ვიმუშავებთ ხელშეკრულებაზე – ვფიქრობ, ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ უკვე სექტემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ვიხილოთ. კომპანია „იან დე ნულთან” თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გამარჯვებულად ბელგიური კომპანიის გამოცხადებას წინ არაერთი პროცესი უძღოდა. გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე ცნობილი გახდა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო განაჩენი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საქმეზე. სამთავრობო გუნდი ამტკიცებს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და კონსორციუმის მოსარჩელე სხვა ინვესტორებისადმი სამართლიანად მოქმედებდა. უკვე რამდენიმე დღეა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ პოზიციას პარიზის არბიტრაჟის განაჩენით ამყარებენ.

„სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულდება საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის იმისათვის, რომ მას განეხორციელებინა პროექტი, თუმცა თქვენ იცით, რომ კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფონზე მათ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და საბოლოოდ დადგინდა სიმართლე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის მიუხედავად, მმართველი გუნდის ოპონენტებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის არ სჯერათ. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მმართველობის განმავლობაში შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახსენებს და ანაკლიის საკითხსაც პოლიტიკურად აფასებს.

„ასე მახსოვს მე წყალტუბოში გამარჯვებული კომპანიები, მაგრამ ქვა ქვაზე არ დადებულა წყალტუბოში. მახსოვს „ქართული ოცნების“ ბევრი სხვა ტყუილიც და არაფერი გაკეთებულა. სიმართლე დადგინდება 26 ოქტომბერს და ჩვენ უმოკლეს ვადაში ავაშენებთ ანაკლიასა და ლაზიკას“, – თქვა „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ბელგიური „იან დე ნული“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც თითქმის ორი საუკუნეა ნავსადგურების პროექტირება-მშენებლობით არის დაკავებული.

კომპანიის მსხვილი პროექტების ჩამონათვალშია დუბაის პალმის ფორმის კუნძულის მშენებლობაც. შავი ზღვის რეგიონში საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ქვეყანა იქნება, სადაც ბელგიური კომპანია პორტის მშენებლობაში ჩაებმება.

2024 წლის 29 მაისიდან მოსახლეობამ იცოდა, რომ პორტის სამშენებლო სამუშაოებში სინგაპურში რეგისტრირებული ჩინური კონსორციუმი იქნებოდა ჩართული, რომელსაც საქართველოს მთავრობამ პროექტის 49%-იანი წილი გადასცა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაშინვე მოჰყვა ოპონენტების კრიტიკა. მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ ჩინური კომპანია არანაირი სანქციების ქვეშ არ იყო მოქცეული და მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო გაფრთხილებული.

ამის მიუხედავად, მსოფლიო, აზიის განვითარებისა და აფრიკის განვითარების ბანკების ანგარიშებში საწინააღმდეგო მტკიცებულებებია. ორგანიზაციების ოფიციალური დოკუმენტაციების თანახმად, ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილი კომპანიები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ დანაშაულში არიან მხილებულნი. მათ შორისაა ადამიანების შრომითი ექსპლუატაცია, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება, სამუშაო ვადების გადაწევა და კორუფციული სქემები.

29 მაისის გადაწყვეტილების გადახედვას ხელისუფლება არ აპირებდა, თუმცა ჩინურ კონსორციუმთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა ახლა პოზიცია შეიცვალა. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თუ საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა არ დადგინდა, კონსორციუმი პროექტს გამოეთიშება.

„საქართველომ სულ მცირე უნდა გაიზიაროს იტალიური გამოცდილება. ქვეყანამ, რომელმაც 2019 წელს ჩინურ მხარეს 2 პორტი გადასცა, 4 წლის შემდეგ აცხადებს, რომ სრულად გადის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ხელშეკრულების ფორმატიდან. ტვირთი, რომელიც ჩინეთიდან უნდა წამოვიდეს, ხომ დასავლურმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ხმელთაშუა ზღვის გავლით? ფულს ხომ დასავლეთი იხდის? ამ დროს, ფულს ვინც იხდის, სულ მცირე მათი ინტერესების გათვალისწინება, ალბათ, სწორი იქნებოდა“, – აღნიშნა ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა ზურაბ მაღრაძემ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბრისას.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ანაკლიაში პორტის გარდა მრავალფუნქციური ქალაქიც უნდა აშენებულიყო. მიზანი ზღვისპირა რეგიონის ფინანსურ ცენტრად გადაქცევა იყო. მოგვიანებით პროექტში ცვლილებები შევიდა და მხოლოდ ნავსადგურის მშენებლობით შემოიფარგლა, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე ღრმა იქნებოდა.

პორტის გეგმა 9 ფაზად დაიყო და 50 წლის განმავლობაში საქართველოსთვის 60 მილიარდი ამერიკული დოლარის ეკონომიკური ღირებულება უნდა შეექმნა. ამასთანავე, შეიქმნებოდა ათასობით სამუშაო ადგილი.

მთავრობის გაწერილი ვადების მიხედვით, აზია-ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020-2021 წლებში უნდა დაწყებულიყო. თუმცა 2024 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით მხოლოდ მშენებელი კომპანიების ვინაობა და პროექტის ბიუჯეტია ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend