ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 13 ივლისის საჰაერო იერიშის დროს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური ღაზის სექტორის სამხრეთით ხან-იუნისში მოკლეს.
„ჰამასის” მმართველობაში დეიფი რანგით მეორე იყო ღაზის სექტორში. იგი ცნობილი იყო სახელწოდებებით „სტუმარი“, იმის გამო, რომ ათწლეულების მანძილზე იგი სხვადასხვა სახლში რჩებოდა, რათა ისრაელის თავდაცვის ძალებს მარტივად არ აღმოეჩინათ. მოჰამედ დეიფი აქტიურად იყო ჩართული 7 ოქტომბრის იერიშის დაგეგმვის პროცესში, ასევე წლების მანძილზე ისრაელის მთავარი სამიზნე იყო, მას ათობით ადამიანის სიკვდილში ედებოდა ბრალი.

თეირანში კი „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას ირანელი ლიდერები ემშვიდობებიან. „ჰამასის” ლიდერის საკაცესთან აიათოლა ალი ხამენეი და ახალი პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანიც გამოჩნდნენ. ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თავდასხმის გამოძიება მიმდინარეობს, მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებიათ. თუმცა „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ბრძანება უკვე გასცა, რომ ირანმა პირდაპირი დარტყმა მიიტანოს ისრაელზე „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო. გამოცემა იუწყება, რომ ამის შესახებ აიათოლა ალი ხამენეიმ უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
ისრაელის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ მაიორი ტომერ ბარი, რომელიც დრონების ოპერატორების გამოშვების ცერემონიალს დაესწრო, აცხადებს, რომ არ არსებობს ისრაელის იერიშებისთვის ძალიან შორი მანძილი და ისრაელის ავიაცია მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია.
„ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს ისტორიაში ყველაზე გრძელი ომის შუაში მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით თითქმის ათი თვის მანძილზე შეჩერებისა და გადაღლის გარეშე. ისრაელის საჰაერო ძალები იცავენ ქვეყანას და მოქმედებენ ომის ყველა მიმართულებაზე. საჰაერო ძალების ათობით თვითმფრინავი, პილოტირებული და უპილოტო საშუალებები ისრაელის სახელმწიფოს გარს აკრავს და მზად არიან ყოველ წუთს ნებისმიერი სცენარისთვის ნებისმიერ არეალში. გასულ დღეებში მაღალი ხარისხის დაზვერვაზე დაყრდნობით ჩვენ გავანადგურეთ „ჰეზბოლას შტაბის უფროსი, არ არსებობს ადგილი, რომელიც ძალიან შორია ჩვენი დარტყმისთვის. და ჩვენ თავდაცვისთვისაც მზად ვართ“, – ამბობს ისრაელის საჰაერო ძალების მეთაური.
ბოლო პერიოდში აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულმა „ჰამასმა“ და „ჰეზბოლამ“ სერიოზული დანაკარგები განიცადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიშები მიიტანეს ბეირუთში და დაადასტურეს „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაურის ლიკვიდაცია. ასევე ოფიციალურად დადასტურდა „ჰამასის” სამხედრო მეთაურის ლიკვიდაციაც. რაც შეეხება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციას, ამ ფაქტს ამ დრომდე ისრაელი არც უარყოფს და არც ადასტურებს.