მთავარისაქართველოირაკლი კობახიძის ვიზიტს ირანში კრიტიკა მოჰყვა

ირაკლი კობახიძის ვიზიტს ირანში კრიტიკა მოჰყვა

ოპოზიციონერი დეპუტატები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს ირანის ისლამური რესპუბლიკაში უკვე მეორე ვიზიტის გამო.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მასუდ ფეზექშიანის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები, როგორებიცაა: „ჰამასი”, „ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა”…

გავრცელებული კადრებისა და ცნობების მიხედვით, ინაუგურაციის დროს ირანის მეჯლისში ისმოდა შეძახილები: „სიკვდილი ამერიკასა“ და „სიკვდილი ისაელს“.

ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს, 31 ივლისს, ჰკითხეს, უხერხულობას ხომ არ უქმნიდა ასეთ გარემოში ყოფნა.

„იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას, როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს… მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო…” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში უკვე მეორედ ჩავიდა, პირველად მაშინ, როდესაც ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ხოლო მეორედ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა დააშორა დასავლელ მეგობრებს და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებითა და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პრემიერი სტუმრობდეს ინაუგურაციებს ამერიკის შეერთეულ შტატებსა თუ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება ხდება ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომლებსც აშშ ბოროტების ღერძის შემადგენლებად განიხილავს. ისინი მათ შორის რუსეთის ომს აფინანსებენ უკრაინის წინააღმდეგ… ივანიშვილი ღიად დგება არა თავისუფალი სამყაროს გვერდით, არამედ ავტოკრატიულ რეჟიმებთან, რომლებსაც ამერიკა „ბოროტების ღერძის“ აქტორებად მოიხსენიებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო აფუჭებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებს. არასწორი მეგობრები აირჩიეს. „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო კობახიძე ირანში. ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს იმიჯისთვის. ეს ქვეყანას უქადის კიდევ მეტ იზოლაციასა და სიღარიბეს. ჩვენ ერთიანობით 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს არის გამოსავალი. პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებენ. ახლა მთავარია, ქართველი ხალხის ერთიანობა რეჟიმის ცვლილების საქმეში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინაუგურაციას საქართველოს გარდა ესწრებოდა დაახლოებით 80 ქვეყნის დელეგაცია. მათ შორის იყვნენ: ეგვიპტის, ერაყის, საუდის არაბეთის, ავღანეთის, კუბისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. რაც შეეხება ევროკავშირს, ბლოკს თეირანში წარმოადგენდა ესპანელი დიპლომატი ენრიკე მორა და ჯოზეფ ბორელის შტაბის უფროსი.

ბორელის გადაწყვეტილება მისი წარმომადგენელი გაეგზავნა ინაუგურაციაზე, გააკრიტიკეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა. ევროპარლამენტარმა ადამ ბილანმა, მას ოფიციალური წერილიც მისწერა:

„ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ არასწორია, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთა დაცვასაც ევროკავშირი აპირებს… ამ ეტაპზე ასეთ რეჟიმთან დიპლომატიური ურთიერთობები უაღრესად შეუსაბამო და საშიშია“, – წერია წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend