მთავარიმსოფლიო„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაცია და ომის მასშტაბების ზრდის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაცია და ომის მასშტაბების ზრდის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

პრეზიდენტის თანამდებობაზე მასუდ ფეზეშქიანის პირველი დღე პოლიტიკურად ისეთივე მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც მისი წინასაარჩევნო კამპანია. ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე თეირანში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია. ის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ ირანის დედაქალაქში მდებარე საკუთარ რეზიდენციაზე თავდასხმის შედეგადაა ლიკვიდირებული. ისმაილ ჰანიასთან ერთად მოკლულია მისი ერთ-ერთი მცველიც.

ისმაილ ჰანია და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, თეირანი, ირანი, 30 ივლისი, 2024 წელი Copyright Iranian Presidency office via AP

თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ისრაელს, თუმცა „ჰამასი“ ვარაუდობს, რომ იერიშების უკან სწორედ ნეთანიაჰუს ხელისუფლება დგას. გავრცელებულ განცხადებაში ტერორისტული დაჯგუფება იმუქრება, რომ ისმაილ ჰანიას მკვლელობაზე შურს იძიებს. თავდასხმაში ისრაელის ბრალეულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს მიმდინარე წლის აპრილში, ღაზის სექტორში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის სამი ვაჟისა და რამდენიმე შვილიშვილის მკვლელობაც ადასტურებს. ისმაილ ჰანიას ოჯახის წევრების ლიკვიდაცია მაშინ ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების პრესსამსახურებმაც დაადასტურეს.

ისრაელის მთავრობიდან თეირანში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. ნეთანიაჰუს ხელისუფლება მხოლოდ ლიბანზე განხორციელებულ იერიშებზე საუბრობს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ლიბანის ტერიტორიაზე იერიშები სტრატეგიულ სამიზნეებზე მიიტანეს.

„ბეირუთში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია იყო გამიზნული, მაღალი ხარისხისა და ლიმიტირებული. ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციას აქტიურად ეხმაურებიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვითარების დეესკალაციისთვის ლიბანში მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვიეს. ირანის ქუჩები მთავრობის მხარდამჭერმა დემონსტრაციებმა მოიცვა. ვაშინგტონი ისრაელისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა სამხედრო ესკალაციის გაღვივებას არ ეთანხმება. მოსკოვი კი თვლის, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოკვლა „მშვიდობის“ წინააღმდეგაა მიმართული.

„მჯერა, რომ ყოველთვისაა დიპლომატიური მოლაპარაკებების სივრცე და შესაძლებლობა და მსურს, მხარეებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. რასაც ისრაელის ჩრდილოეთის საზღვართან ვხედავდით, ჩვენს შეშფოთებას იწვევდა. ისევ და ისევ ჩვენ ვაპირებთ, შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კონფლიქტი არ გასცდეს რეგიონის საზღვრებს და არ მიიღოს ფართომასშტაბიანი ხასიათი. ვრჩები ხაზზე ჩემს კოლეგასთან, იოავ გალანტთან, ისევე როგორც რეგიონის ყველა ლიდერთან“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

„ჩვენ ვგმობთ „ჰამასის“ ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიას, მკვლელობას თეირანში მის რეზიდენციაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკური მკვლელობის ორგანიზატორებმა იცოდნენ, თუ რა სახიფათო შედეგები მოჰქონდა ამ ქმედებას მთელი რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რეგიონში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება“, – განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა.

„ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომელიც ისრაელის დანაშაულებრივი ქმედებების მომსწრეა, აიძულოს ის, შეწყვიტოს ცეცხლი, დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და შეასრულოს გაეროს 1701-ე რეზოლუცია. საკმარისია, რაც მსოფლიომ იხილა ისრაელის დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებები, რომლებმაც უკვე ათასობით შემთხვევას გადააჭარბა“, – განაცხადა ლიბანის ინფორმაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზიად მაკარიმ.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა სტუმართმოყვარეა და ნამდვილად ვალდებულია, გასცეს გადამწყვეტი პასუხი სტუმრის მკვლელობაზე, რომელიც ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდა. ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოფიციალური პირის, სტუმრის მკვლელობის გამბედაობა. მომხდარზე ძალიან ვწუხვართ“, – თქვა ირანში გამართული პროსახელისუფლებო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამირ ჰოსეინ რაჰემიმ.

ახლო აღმოსავლეთში ისედაც დაძაბული პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის ფონზე ესკალაციის გაზრდის საფრთხეებსა და ომის მასშტაბების გაზრდაზე საერთაშორისო ექსპერტები საუბრობენ. მათი შეფასებით, თეირანში მომხდარი თავდასხმა იძულებულს გახდის ირანის ხელისუფლებას, ჩაებას კონფლიქტში, რითაც ისრაელ-„ჰამასის” ომი ახალ მასშტაბებს შეიძენს და, სავარაუდოდ, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონით არ შემოიფარგლება.

„მოკლულია ისმაილ ჰანიას პირადი მცველიც. ის ირანელია და ამ ნაბიჯით ისრაელმა, ფაქტობრივად, შეატყობინა ირანს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია ნებისმიერი პირის მკვლელობა და ეს ძალიან სახიფათოა. ირანს აქვს ბევრი „წინააღმდეგობის ღერძი“ ერაყში, სირიაში, ლიბანში, იემენში, ღაზაში, რა თქმა უნდა, დასავლეთის სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში. მათ ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც წვრთნიან, უწევენ შეიარაღებას, გეგმავენ ყველაფერს და შეუძლიათ მსოფლიოში ნებისმიერ სამიზნეს მიაღწიოს. მათ ასევე შეუძლიათ, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელურ და ებრაულ პოზიციებს დაესხან თავს. აქ მთავარი კითხვაა – რა იქნება შემდეგ? როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან სერიოზული ესკალაციისკენ მივდივართ და ახლა მტკიცე დიპლომატიის დრო არის“, – აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტმა ნომი ბარ-იაკოვმა.

ისმაილ ჰანიამ ღაზის სექტორი 2019 წელს დატოვა და საცხოვრებლად კატარში გადავიდა, საიდანაც დაჯგუფება „ჰამასს“ მეთაურობდა. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ლიდერის დაკავებაზე 2024 წლის მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ორდერი გასცა.

დრუზები ესწრებიან 11 წლის გუევარა იბრაჰიმის დაკრძალვას. ის ერთ-ერთია იმ 12 მოზარდიდან, რომლებიც ემსხვერპლნენ სარაკეტო თავდასხმას ფეხბურთის მოედანზე, მაჯდალ შამსის სოფელი, ისრაელის მიერ ანექსირებული გოლანის მთები, ორშაბათი, 29 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Leo Correa

ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო პასუხებიდან ერთ-ერთია გოლანის სიმაღლეებზე „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რამაც, სულ მცირე, 12 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ისრაელის ჯარმა ლიბანის სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურაც დაბომბა. ექსპერტების მოსაზრებით, ერთმანეთისათვის სამხედრო პასუხების გაცემამ, შესაძლოა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული აქამდე არსებული საუბრები მიუღწეველ ამოცანად დატოვოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend