არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებისთვის იუსტიციის სამინისტროს ბაზა უკვე მზად არის, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არ აპირებს უცხოური გავლენის გამტარებლად დარეგისტრირებას.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ის საქართველოში არც ერთი უცხოური ძალის ინტერესებს არ ატარებს.
„არც მე და არც არავინ აპირებს დარეგისტრირებას უცხოური გავლენის აგენტად. მე საქართველოს ინტერესების გამტარებელი ვარ. ყოველთვის ასეთი ვიყავი. მე რომ ქართველი ბიჭები ომიდან გარდაცვლილები გადმომყავდა და ჩემი ხელით ვმარხავდი, ვთხრიდი საფლავებს მათთვის, ეს ამერიკელების დავალება არ იყო. ჩემი პატრიოტული განწყობა იყო. მე რომ ტყვეების გაცვლაში ვიღებდი მონაწილეობას, დევნილები რომ გამომყავდა აფხაზეთიდან – ეს ამერიკელების დავალება იყო?! ეს არის უსინდისო, უნამუსო კანონი. ეს არ არის გამჭვირვალობის კანონი, ეს არის კანონი განადგურებისთვის. ეს კანონი მიიღეს იმისთვის, რომ განადგურდეს საქართველოში სამოქალაქო სექტორი. არ განადგურდება მესამე სექტორი იმიტომ, რომ ძალიან ძლიერია“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი.
31 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ ისაუბრა ე.წ. „გამჭვირვალობის კანონზე“. მან თქვა, რომ კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება და ერთადერთი სადამსჯელო ზომა 25 000-ლარიანი ჯარიმაა.