მთავარიგალერეა70 წლის ირაკლი სუთიძე, ანუ „ის“...

70 წლის ირაკლი სუთიძე, ანუ „ის“…

ირაკლის ნამუშევრებს ყველა მაშინვე იცნობს. კედელზე თუ არ უკიდია ირაკლი სუთიძე, უნდა რომ ჰქონდეს… ეს ცხენიც უნდა, ეს დევიც, და მისი ცოლიც. ირაკლი სუთიძის ფერწერა და გრაფიკა – ძალიან შთამბეჭდავია და დაუვიწყარი.

დღეს ეს ნამუშევრები, ერთად შეკრებილი და ექსპოზიციად ქცეული ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. ირაკლი სუთიძის პერსონალური გამოფენის კედელზე, მისი ერთი მეგობრის ფრაზაა მიწერილი:

„ირაკლი, ძმაო! შენ რომ არა, ეს ქვეყანა შავ-თეთრი დარჩებოდა”, – იუსუფი, შენი ძმა სოსო ბაძელაძე.

აი, ასეთია ირაკლი სუთიძის ფერები… მაგალითად, მისი ცნობილი ყვითელი, თუ მზისგერი…

„ერთადერთი, რაც ამ გამოფენასთან დაკავშირებით მახსენდება, 20-30 წლის წინ მისი ნათქვამია. ვკითხე, რომ ოქროს ფერი რატომ აირჩიე-მეთქი. გაკვირვებული თვალებით შემომხედა… „ოქროსფერი მზე არისო და მზე ყველაფერიაო. ერთადერთიო იცი, რას ვფიქრობო, მე მგონიო ჩემ ნახატებში შიგნით არის მზე და იქიდან ანათებსო“. ერთი შეხედვით ხომ ძალიან ამბიციური ნათქვამია, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად და ძალიან ჩვეულებრივად მითხრა. ეს მართლაც, ასე აღმოჩნდა. დღეს გამოფენაზე თუ ვინმე მოვა, ნამდვილად იგრძნობს, რომ იქიდან მზე ანათებს. ჩემთვის მთელი ირაკლის სამყარო ანათებს. ირაკლისთვის ყოველდღიურობა ნამდვილად არ იყო მნიშვნელოვანი და ეძებდა თავისთვის საინტერესო ადგილებს, თავისთვის საინტერესო მოვლენებს და იმას ხატავდა, რასაც გრძნობდა”, – ამბობს დამთვალიერებელი ლელა ბაკურაძე.

მაია შონიამ ირაკლი სუთიძე რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და მისი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი გახდა.

„ძალიან მომწონს. ეს არ არის პირველი ექსპოზიცია, რომელიც მინახავს ირაკლი სუთიძის ნახატების. პირველად, აი, აქ, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ვნახე მისი სივრცე. მთელი ოთახი ეთმობა მას. ამდენ ქართველ მხატვარში, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, წინა საუკუნის მხატვრობის საუკეთესო წარმომადგენლებიდან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე და იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი გახდა. დღეს სპეციალურად მოვედი, უკვე მერამდენედ ამ ექსპოზიციის სანახავად იმიტომ, რომ ძალიან მომწონს მისი სტილი, ტექნიკა. როგორც ასრულებს ამ ნახატებს. ძირითადად, ქართული თემატიკა აქვს და ესეც საინტერესოა. ოღონდ ეს ტრადიციული ქართული სტილი არ არის. მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი აქვს. ძალიან მომწონს ცხენების მიმართულება. აქვს ძალიან საინტერესო თემატიკა და დღესაც ვისიამოვნე ექსპოზიციის დათვალიერებით“, – ამბობს მაია შონია.

წელს ირაკლი 70 წლისა გახდებოდა. იგი 2024 წელს 19 აპრილს გარდაიცვალა და ეს მისი პირველი სევდიანი გამოფენაა, რადგან თავად არ არის ახლა ამ დარბაზში, თავისი გამორჩეული და განსაკუთრებული ღიმილით. თან თბილი და თან რაღაცნაირად უხერხული ღიმილით, რადგან გამოფენა და სცენაზე დგომა არ უყვარდა.

და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ემოციურია ეს გამოფენა მისი მეუღლის, ხელოვნებისმცოდნე ქეთი კორძახიასთვის.

„ამ გამოფენის გაკეთება ძალიან რთული იყო. ექსპოზიციისთვის 80-მდე ნამუშევარი მოვაგროვეთ. ნაწილი მისი და ოჯახის პირადი კოლექციიდანაა, ნაწილი მუზეუმის დიდი კოლექციიდან და ნაწილიც კერძო კოლექციებიდან. ძალიან ჭრელია ექსპოზიცია, რადგან სხვადასხვა დროის, ჟანრობრივად განსხვავებული ნამუშევრები მოვაგროვეთ. ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის ეს იქნებოდა საინტერესო. მას ბოლო პერსონალური გამოფენა 2017 წელს ჰქონდა. 7 წელია, მას ახალი გამოფენა არ ჰქონია. არ უყვარდა გამოფენები“, – ამბობს გამოფენის კურატორი და ირაკლი სუთიძის მეუღლე ქეთევან კორძახია.

ქეთი ამბობს, რომ ამ გამოფენაზე გამოტანილია ის ნამუშევრები, რომლებიც ირაკლის განსაკუთრებით უყვარდა და დროდადრო უბრუნდებოდა. მაგალითად, „კუკუშკა მატარებელი“, ან მისი თევზები, რომლის ახალი ვერსიაც 15 წლის შემდეგ დახატა. ცალკე კედელი ეთმობა ირაკლი სუთიძის სახარების მოტივებს. გამოფენის კურატორის თქმით, ისინი შეეცადნენ რაღაცნაირი ანტურაჟი შეექმნათ, რომ ეს ირაკლი სუთიძის ხელოვნება ეგრძნო დამთვალიერებელს. განსაკუთრებით იმ მნახველს, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობდა, ან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ნანახი.

ირაკლი სუთიძე 1980-იანელთა თაობას მიეკუთვნება. ქართველი მხატვრების იმ თაობას, რომლებიც ქართული ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში ჩაწერას ცდილობდნენ და ამ ხელოვნების ხელახლა გადააზრებას.

„80-იანი წლები დაერქვა ამ თაობას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული გარღვევა იყო მაშინ იმიტომ, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის ნგრევისკენ მიდიოდა საქმე. ეს ახალგაზრდა ბიჭები, როგორც ერთი ჯგუფი, მათ შორის იყო ლევან ლაღიძე, მერაბ აბრამიშვილი, შალვა მატუაშვილი, იურა ბერიშვილი, გელა მანჯავიძე, ბესო არბოლიშვილი, ძალიან სერიოზული ავტორები, რომლებმაც თავისი სათქმელი თქვეს და კარგია, რომ ასე ჯგუფად დარჩნენ“, – ამბობს ქეთევან კორძახია.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ირაკლი სუთიძეს აქამდეც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. მუზეუმში მისი მუდმივი გამოფენაც არსებობს. ახლა კი მხატვრის დროებითი, პერსონალური გამოფენა დაემატა.

„ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის ირაკლი სუთიძეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მესამე სართულზე, ჩვენს პერმანენტულ კოლექციაში მას ეთმობა მთელი დარბაზი. რაც შეეხება ახალ ექსპოზიციას, ირაკლი სუთიძის 70-ე დაბადების დღეს ეძღვნება. ჩვენ ისედაც გვქონდა გეგმაში გამოფენის გამართვა ამ თარიღთან დაკავშირებით. თუმცა იცით, რომ სამწუხაროდ, ის რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ძალიან სევდიანი განწყობით გავაგრძელეთ ამ გამოფენაზე მუშაობა.

ძალიან საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა. აქ დამთვალიერებელი ნახავს, როგორც მისი სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებს, ისე ბოლო წლების ნამუშევრებს. „ის“ – ეს სათაური ძალიან კონცეპტუალური გამოვიდა. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ძალიან კარგი საშუალებაა იმის, რომ დამთვალიერებელმა გაიხსენოს ირაკლი, მოვიდეს, ნახოს. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ექსპოზიციაა. მთელი ირაკლის სამყაროა გადმოტანილი. მისი სახლიდანაც არაერთი ნივთია. მისი მთავარი ვნება, რაც იყო ცხენები, ეს განწყობაც ვფიქრობ დარბაზში იგრძნობა“, – ამბობს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინია ახვლედიანი.

ირაკლი სუთიძის გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 1-ელი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ექსპოზიციას ასე უწოდეს მისმა შემქმნელებმა – „ის 70“.

„ის“ 70 წლის ირაკლი სუთიძეა. არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარი, რომლის უნიკალურობა, გამოფენის ავტორებისვე თქმით: „მისი ფერწერის სხივოსნობაშია, რომელსაც მხატვარი ზეთის საღებავის გამჭვირვალე ფენების ურთიერთქმედებითა და მის მიერვე გამოგონილი ფერთა სინათლით, ასევე უნიკალური ტექნიკით აღწევს“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend