მთავარიამერიკავენესუელავენესუელაში დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა

ვენესუელაში დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა

ვენესუელაში ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. მათ მიაჩნიათ, რომ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.

კვირას ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ, რომელიც ლოიალურია მადუროს მმართველი პარტიის მიმართ, გამოაცხადა, რომ მადურო მესამედ ექვსწლიანი ვადით იქნებოდა პრეზიდენტი. მალევე გაბრაზებულმა მომიტინგეებმა დედაქალაქ კარაკასსა და ვენესუელას სხვა ქალაქებში მსვლელობა დაიწყეს.

მსვლელობა მალევე არეულობაში გადაიზარდა და დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ამომრჩეველთა ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.

„დაუჯერებელია. მინდა, ვუთხრა ვენესუელის ყველა მოქალაქესა და მსოფლიოში ყველა დემოკრატს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა გუშინ ვენესუელაში. ჩვენ ეს შევძელით. სიამოვნებით გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს 73,20%-ის მხარდაჭერა და ამ შედეგით ჩვენი არჩეული პრეზიდენტია ედმუნდო გონსალესი“, – განაცხადა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ.

ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო მხარდამჭერებთან ერთად, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, კარაკასი, ვენესუელა, 28 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Matias Delacroix

სოციალურ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესისა და ნიკოლას მაჩადოს ძეგლების დამხობის ამსახველი ვიდეოები.

უგო ჩავესის დაზიანებული ქანდაკება, ვენესუელა, 31 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Jacinto Oliveros

1999 წლიდან ვენესუელას მართავდა უგო ჩავესი და მისი სოციალისტური ხელისუფლება. 2002 წელს ჩავესის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ჩავესმა და მისი თანამოაზრეებმა დაიწყეს ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრირება.

ჩავესისა და მოგვიანებით მადუროს რეჟიმი Human Right’s Watch-ის ყოველწლიურ დასკვნაში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაშია მხილებული. ამ ეტაპზე ქვეყანაში 270-მდე პოლიტიკური პატიმარია.

ოპოზიციურად განწყობილი ვენესუელელებისთვის ამ რეჟიმის დასრულების იმედი იყო ოპოზიციური კანდიდატი მარია კორინა მაჩადო, თუმცა მმართველმა პარტიამ მას აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა.

მაჩადომ საბოლოოდ მხარი დაუჭირა ყოფილ დიპლომატ ედმუნდო გონსალესს და მათ ერთობლივად წარმართეს წინასაარჩევნო აქტივობები. მთელი მათი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ათასობით მხარდამჭერი იკრიბებოდა ვენესუელის ქალაქებში და სკანდირებდა: „თავისუფლება! თავისუფლება!”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend