მთავარისაქართველოსაარბიტრაჟო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

საარბიტრაჟო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

ხაზარაძე-ჯაფარიძის ოთხწლიანი დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასრულებულია. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 30 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა მოსარჩელეს მოთხოვნილი მილიარდ-ნახევარი დოლარის ანაზღაურების ნაცვლად საქართველოს მთავრობისთვის 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა. მოგვიანებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და კონსორციუმის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურება რეალურად ბრეგაძის მიერ დასახელებული თანხის მესამედზე ნაკლები იყო. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება არ დაკისრებია.

„არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა.

ასევე პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ-ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყო, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 30 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე.

რატი ბრეგაძემ თქვა ისიც, რომ კონსორციუმის დამფუძნებელმა, პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობას თავად შეუშალა ხელი და სახელმწიფოს ფაქტობრივად 4 წელი დააკარგვინა. თავად მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დაკვეთით პროექტს წლების განმავლობაში აფერხებდა.

გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: „არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის. ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს. მათ პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინეს. ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და ძირი არ გამოეთხარა პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევისთვის. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთსა და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას“, – წერია განცხადებაში.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

„ერთია ის შედეგი, რომლითაც დავა დასრულდა – არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება. მეორეა ის მნიშვნელობა, რომელიც ანაკლიის პორტს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დავა ხაზარაძე-ჯაფარიძემ წააგეს, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და არა იმ კორუფციული გარიგებების საფუძველზე, რომლებითაც „ქართული ოცნება” ხშირად ჩინეთთანაა დაკავშირებული“, – ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს!“ – აღნიშნა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა და მამუკა ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა: „ვხედავდით მოდელირებულ რეალობას ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გუნდის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსაფუძვლო, ტყუილ ბრალდებებს. ჩვენ არასდროს გაგვიცია პასუხი ამ საკითხებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში ის გუნდი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ამ პროექტის განხორციელებას. იმისთვის, რომ დავხმარებოდით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილება ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით და ეს გარანტიები იყო დამატებითი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც წერტილი დაუსვა და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს, ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს. სხვაგვარად „ლელოს“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის წარმატებას ვუსურვებდით და ახლაც ვუსურვებთ“.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ 2020 წლის დასაწყისში განაცხადა. მიზეზად კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვერ შესრულება დასახელდა. თავად კონსორციუმი ამას უარყოფდა და მთავრობას სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში ადანაშაულებდა. კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ კი, პორტის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend