ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონის სამიზნეთა რეგისტრაციისთვის შესაბამისი იურიდიული ბაზა უკვე მზადაა.
პირველი აგვისტოდან დაიწყება ერთთვიანი უკუათვლა, როცა ორგანიზაციები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო იუსტიციის სამინისტროს უკვე ოფიციალურად შეეძლება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის ახალი კანონით გათვალისწინებული მონაცემების მოთხოვნა.
„კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
„ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ. როგორც იცით, ცოტა ხანში ეს რეესტრი ამოქმედება. ასეთ ინფორმაციას ვიღებთ, ისინი ეუბნებიან, რომ ვინც დარეგისტრირდება, გრანტს ვერ მიიღებს. ასევე კონსულტაციების გაწევა მიდის, თუ როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და რა გზები და მაქინაციები გამოინახოს იმისთვის, რომ არ დარეგისტრირდნენ და ამავე დროს გრანტი მიიღონ. მათ შორის, კონსულტაციები მიდის და რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ დარეგისტრირდნენ, რაც უკვე საერთოდ სასაცილოა და ყოველგვარი სერიოზულობის ზღვარს სცდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირებას არ აპირებს. კანონთან მათ უთანხმოებას ადასტურებს საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც პრეზიდენტისა და 38 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელებთან გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება.
„გამორიცხული არაფერი არაა. შესაძლოა, ვიხილოთ სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში დემონსტრაციულად შესვლა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ კანონიც და მასთან დაკავშირებული ზოგადი ფონიც არის ძალიან პრობლემური. აქ არაა საუბარი გამჭვირვალობაზე, არამედ საუბარია ვიღაცების „უცხოური გავლენების გამტარებლებად“ მონათვლაზე“, – თქვა იურისტმა გურამ იმნაძემ.
მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ კანონი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა და დააახლოებდა საქართველოს ევროკავშირთან, რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ქვეყანას ახალ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სანქციებთან გამკლავება უწევს. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონი არა მხოლოდ 78-ე, არამედ 70-ე მუხლსაც არღვევს, რაც სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას უქმნის საფრთხეს. სწორედ ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონი გახდა დანიის ხელისუფლების მხრიდან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის შეჩერების მიზეზი.
„დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული პასუხით ჩემს წერილზე ირკვევა, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71,5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უკვე საგრძნობლად დააზიანა როგორც ჩვენი დემოკრატიული განვითარება, ნატოსა და ევროკავშირში წევრობის გზა, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“, – აღნიშნა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონი ორგანიზაციებისთვის ყოველთვიურ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს, თუ არასამთავრობოები იუსტიციის სამინისტროს ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.
კანონში ჩადებულია დასმენის მექანიზმიც, რომელიც ნებისმიერს აძლევს უფლებას, სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს „უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციის“ არსებობა.
ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ ფორმით სახელმწიფოს არასასურველი დაწესებულებების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ულიმიტო იურიდიული უფლებები ექნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგების მომტანი იქნება ამგვარი მექანიზმები არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.
ფაქტად რჩება ის გარემოება, რომ ამ კანონმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტები და ისეთი სამხედრო პროგრამა, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“, გაურკვეველი დროით გაყინა. ხოლო დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა, ევროკავშირში გაწევრების პროცესი კი შეჩერდა.