ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც 2013 წლიდანაა ხელისუფლებაში. მან უკვე მესამე ვადით იყარა კენჭი.
ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ ხმების 51% მოიპოვა და დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი, რომელმაც ხმების 44% დააგროვა.
,,საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული მოქალაქეების ხმების 80% დათვლილია. წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტივობამ 59% შეადგინა. შედეგები კი ასეთია: პირველ ადგილს 51%-ით იკავებს ნიკოლას მადურო, რომელსაც 5 მილიონზე მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, მას მოსდევს ედმუნდო გონსალესი 44%-ით. სხვა კანდიდატებს 4,6%-იანი მხარდაჭერა აქვთ“ , – განაცხადა ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი ელვის ამოროსომ.
მიმდინარე წლის იანვარში ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ასოციაცია „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა, რის შემდეგაც მაჩადომ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ედმუნდო გონსალესისთვის.
წინასწარი გამოკითხვებით, გონსალესს მადუროზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა 2018 წელს, როგორც დამკვირვებლებმა განაცხადეს, არჩევნების საბოლოო შედეგი მოქალაქეების მიერ გამოხატულ ნებას არ დაემთხვა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შემცირებულია უცხოელი დამკვირვებლების რაოდენობა.
მადურო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა , რომელიც, ოპოზიციის თქმით, გააყალბეს. შეერთებული შტატები იმ მრავალ ქვეყანას შორის იყო, რომელმაც არ აღიარა არჩევნების ოფიციალური შედეგი.