პლზენმა მსოფლიოს თავისი ცნობილი ლუდი მისცა. ახლა კი ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლუდსახარში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ პარკად გადაიქცა.
ჩეხეთის ქალაქ პლზენში მდებარე ისტორიული ლუდსახარში ტექნოლოგიურ პარკად გადაიქცა. მსოფლიოს ამ მხარეში გაჩნდა პირველად მკრთალი ლაგერი ლუდი და წარმოიშვა სიტყვა „რობოტი.“ დღეს კი ამ მხარეში ისევ განახლებას აპირებენ ევროპული პროექტის TechTower-ის ფარგლებში.
“ ჩვენ ხელს ვუწყობთ ტალანტებსა და ბიზნესებს. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 80 ღონისძიებას ვაწყობთ. ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს უმაღლეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ვაწყობთ ჰაკატონებსა და მის მსგავს ფესტივალებს“.
პლზენის ინოვაციის ფესტივალი (The We Innovate Pilsen Festival]) რომელიც წელს 7-8 ივნისს ჩატარდა, არის მაგალითი იმისა, თუ რისი შეთავაზება შეუძლია TechTower-ის პროექტს ინოვატორებისა და სტარტაპებისთვის, როგორიცაა, მაგალითად CIE, რომელიც განათლების სექტორში ვირტუალური რეალობის ფუნქციაზე მუშაობს.
“TechTower-მა საუკეთესო პირობები შეუქმნა ჩვენს კომპანიას,“ -ამბობს მარკ ბარდი, კომპანია CIE -ის ხელმძღვანელი. „არა მხოლოდ ადგილობრივი თვალსაზრისით, ვგულისხმობ კომპანიის მიერ გადმოცემულ შესანიშნავ საოფისე სივრცეს, დანადგარებსა და კიდევ ბევრ სხვა რამეს, არამედ იმ კუთხითაც, რომ ქალაქი დააკავშირა უნივერსიტეტთან, სხვა საჯარო დაწესებულებასა თუ ბიზნესებთან. საქმე ისე მოეწყო, რომ ჩვენი კლიენტები თვითონ მოდიან ჩვენთან, ჩვენ კი არ მივდივართ იმათთან, რაც უამრავ ფულსა და დროს გვიზოგავს“.
TechTower-ის პროექტის ბიუჯეტი 26 მილიონი ევროა, საიდანაც 7 მილიონი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება. 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობაში, მულტიფუნქციური დარბაზების გარდა, სადაც ღონისძიებები ტარდება, ასევე გამოყოფილია ფართი ოფისებისთვის, თანამშრომლობისა და სხვა ტიპის დანიშნულებისთვის.
მაგალითად, აქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, 10 მეტრის სიღრმის წყლის ავზი, რომელშიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ გამოცადონ საკუთარი აპარატურა, თუნდაც დრონი.
“რასაკვირველია, სანამ ავზი დაიდგმებოდა აქ, უბრალოდ არსად გვქონდა ადეკვატურ გარემოში წვრთნების ჩატარების საშუალება, რადგან ყველაზე ღრმა აუზი მხოლოდ საცურაო დანიშნულებისაა, რომელიც 50-მეტრი აქვს სიგრძე და სიღრმე – 2 მეტრი. და ასეთში უბრალოდ ვერ ივარჯიშებ, რადგან ამისთვის უვარგისია,“ – განმარტავს ფილიპ კოპეცკი, ჩეხეთის „წითელი ჯვრის“ წყლის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი.
ამ პროექტის მთავარი მიზანი ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლებაა. შედეგად აქ სექტორის მრავალი ახალი ამომავალი ვარსკვლავი იზრდება.
“აქ ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული გუნდიდანაც გვყავს რამდენიმე ჰაკერი,“ – ამბობს ტომას ჩოლინსკი, პლზენის საინფორმაციო ტექნოლოგიური ადმინისტრაციის SIT Port-ის დირექტორი. „ასევე გვყავს ისეთი ხალხიც, რომელმაც საკუთარ წყალბადზე მომუშავე პატარა მანქანა შექმნა. მე ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც ჩვენთან – სპორტთან მუშაობენ.“
SPOT-ი Boston Dynamics-ის იმ ორი რობოტის სახელია, რომლებიც ქალაქის მესვეურებმა სტუდენტებისთვის შეიძინეს, რათა ეს ტექნოლოგია გამოეცადათ. ყველაზე უფროსი სტუდენტები 16 წლის არიან, თუმცა გვხვდებიან 15 წლის მოზარდებიც, როგორიც, მაგალითად, სამუელია.
“მე და ჩემი მეგობარი მარტინი ვაპირებთ, შევქმნათ მოხეტიალე რობოტი, რომელიც სამეცნიერო ხარისხისა და დაფინანსების მოპოვებაში დაგვეხმარება,“- ამბობს სამუელი. „აქაური მხარდაჭერის წყალობით, სადაც ჩვენ SPOT-ი დავაპროგრამეთ, რობოტის შექმნისთვის საჭირო ადგილი და ფინანსები მივიღეთ“.
ლუდსახარშიდან რობოტის პროგრამირებამდე – აი, ეს არის პროექტ TechTower-ის პროექტის მიერ შექმნილი მომავალი. პლზენი ამაზე უკეთეს საქმეს ჩეხეთს ვერ გაუკეთებდა.
ავტორი: სელენე ვერი