11 ახალგაზრდის დაკრძალვას, რომელიც ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევების შედეგად დაიღუპა, ათასობით ადამიანი დაესწრო.
რაკეტა ლიბანის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული და ფეხბურთის მოედანს დაეცა. ისრაელის სამხედროების განცხადებით მას შემდეგ რაც 7 ოქტომბერს ომი დაიწყო, ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება „ჰეზბოლაა“.
„რეგიონში ირანის წარმომადგენელი, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ თავს ვერ გაიმართლებს, ვერც ფაქტის აბსურდულად უარყოფით. ეს თავდასხმა მათ განახორციელეს და ამ ქმედებისთვის სწორედ ისინი აგებენ პასუხს”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი და ისრაელში დაბრუნდა, სადაც ომის კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. უსაფრთხოების კაბინეტმა ნეთანიაჰუს მისცა ნებართვა, რომ ჰეზბოლას შესაბამისი პასუხი გასცეს.
Prime Minister Benjamin Netanyahu has convened the Security Cabinet this evening, at the Kirya in Tel Aviv. pic.twitter.com/AzrH3pvoHY
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) July 28, 2024
„ჰეზბოლა“ კი შაბათს მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ვითარებამ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული ომის დაწყების შიში გააჩინა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა ესკალაციისგან თავი შეიკავონ.
„ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის ესკალაცია ვიხილოთ. არ გვსურს ის კიდევ უფრო გავრცელდეს. პირველი დღიდან, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ჩვენ ამისთვის მუშაობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდალა ბუ ჰაბიბის განცხადებით, ლიბანის მთავრობამ ვაშინგტონს სთხოვა, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდოს.
„ჰეზბოლამ“ ისრაელზე საჰაერო იერიშები, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში მყოფი პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად დაიწყო. ისრაელის საჰაერო თავდასხმებს კი ლიბანში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად ჰეზბოლას წევრები. იერიშებმა ასევე იმსხვერპლა 90-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.