რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის საზღვაო ძალების პატივსაცემად გაიმართა სამხედრო-საზღვაო აღლუმი, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. მასში მონაწილეობდნენ რუსული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები.
ვლადიმერ პუტინთან ერთად აღლუმზე იყვნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი და რუსეთის საზღვაო ძალების მთავარი მეთაური, ალექსანდრ მოისეევი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საზღვაო ძალების ეკიპაჟის წევრები ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ალჟირიდან. აღლუმის სპეციალური სტუმრები იყვნენ მიანმარისა და ჩინეთის საზღვაო ძალების მეთაურები.
„გულწრფელად მოხარული ვარ, მივესალმო მთავარ საზღვაო აღლუმზე სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებს ალჟირიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ასევე ათობით უცხო ქვეყნის წარმომადგენლებსა და დელეგაციას, რომლებიც ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს აშშ-ის გეგმების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე შორი მანძილის რაკეტების განთავსებას ითვალისწინებს. მან მიმდინარე მოვლენები ცივი ომის ეპოქისდროინდელ ვითარებას შეადარა.
„ჩვენ განვიხილეთ ამერიკის ადმინისტრაციისა და გერმანიის მთავრობის განცხადება 2026 წლიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული ზუსტი სარაკეტო იარაღის სისტემების განლაგების შესახებ. რუსეთის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო ადმინისტრაციები, ასევე ადმინისტრაციულ-სამრეწველო ობიექტები ამ რაკეტების რადიუსის ზონაში მოხვდება. ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების მანძილის დასაფარად ასეთ რაკეტებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა აღჭურვილი იყოს ბირთვული იარაღითაც, დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა იმ საზღვაო დანაყოფებზეც ისაუბრა, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. მისი თქმით, ისინი იცავენ სევასტოპოლს და შავი ზღვისა და აზოვის სხვა პორტებს, მტერს დამანგრეველ დარტყმას აყენებენ და ანადგურებენ მის სამხედრო ობიექტებს.