მთავარისაქართველოსამი თვე არჩევნებამდე - კამპანიები ურთიერთბრალდებებისა და შეთქმულების თეორიების ფონზე

სამი თვე არჩევნებამდე – კამპანიები ურთიერთბრალდებებისა და შეთქმულების თეორიების ფონზე

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 3 თვით ადრე ქართული პოლიტიკური სპექტრი 26 ოქტომბრისთვის მზადებას დაპირისპირების, ურთიერთბრალდებებისა და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენებით განაგრძობს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თარიღის მოახლოებასთან ერთად ნაცვლად დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენდა, ხელისუფლება ოპონენტებს წარსულს უხსენებს და ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში ადანაშაულებს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს დესტრუქციული ძალების წახალისებას აბრალებს.

„დრომ დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერიათ. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა ხალხის საჭიროებებს, არამედ იმას, თუ რომელ სიტყვასა და ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან. ერთი რამ გარანტირებულია, თუკი ოპოზიცია შეძლებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს, რომლებიდანაც, როგორც იქნა, ეს ქვეყანა დავიხსენით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შევქმენით და ხალხს ამოსუნთქვისა და განვითარების შესაძლებლობა მივეცით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს მალევე მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოხმაურება, რომლებმაც შალვა პაპუაშვილის განცხადება მოსალოდნელ მუქარად აღიქვეს. მათი შეფასებით, მმართველი გუნდის რიტორიკა პროპაგანდისტული შინაარსის მქონეა და მიზანი ამომრჩევლისთვის ისეთი განწყობების შექმნაა, თითქოს ოპოზიციისთვის მართვის სადავეების აღება ქვეყანას არეულობამდე მიიყვანს.

„მთავარი კითხვა მაქვს – როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება? დაპირისპირებისა და ზიზღის საქართველოში, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობს, თუ ერთიანობის საქართველოში? ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, თუ კორუმპირებულ და მიტაცებულ ქვეყანაში? თუ გვინდა ვიცხოვროთ მონოპოლისტურ საქართველოში, სადაც ფასები მუდმივად იზრდება და უმუშევრობის გამო ადამიანები ქვეყანას ტოვებენ?“ – მმართველი გუნდის ბრალდებებს ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა. ალბათ, წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებსაც. ეს არაა ახალი, „ქართული ოცნება“ ასე მოვიდა ხელისუფლებაში და ამას აკეთებს 12 წლის განმავლობაში. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც მათ შეუძლიათ, არის შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება და სიძულვილის ენა“, – აცხადებს „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მესამე დღეა, შესაძლო ტერორისტულ თავდასხმებსა და დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის სცენარებს იძიებს, რამაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მორიგი საბაბი მისცა, საქმე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის გეგმებისა და ე.წ „გლობალური ომის პარტიის“ ერთობლივ ქმედებებს დაუკავშიროს, რაც ფართოდ განიხილება როგორც მორიგი შეთქმულების თეორია.

„გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული გზავნილიც მივიღეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, ნუ, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით ამ გზავნილის, საერთაშორისო კონტექსტის, ადგილობრივი და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეცხრედ, დამაჯერებლად გამარჯვებაში დარწმუნებულია და მართვის სადავეების დაკარგვას არც ვარაუდობს. მსგავსი სიტუაციაა საპირისპირო, ოპოზიციურ ფლანგზეც, სადაც უკვე საუბრობენ 27 ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ მმართველობისგან გათავისუფლებულ საქართველოზე. პოლიტიკური დაპირისპირებისა და ბრალდებების ფონზე კი, ამომრჩეველი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.

„კავკასიის ბარომეტრის“ ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 31%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არაა. მოსახლეობა თანხმდება მხოლოდ ერთ რამეზე – საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, თუმცა ამ მოცემულობით უცნობია, რა საგარეო კურსითა და პოლიტიკურ-ეკონომიკური სურათით გააგრძელებს ცხოვრებას ქვეყანა ოქტომბრის კენჭისყრის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend